ახლახან, ოზურგეთის აგრარული ბაზრიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის ხელმძღვანელებმა ნაგვის ურნები გაიტანეს. დღეისთვის მოვაჭრეები აქა-იქ, დახლებთან დადგმული მომცრო ურნებით სარგებლობენ.
ნაგვის ურნების გატანის მიზეზი, როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, გადასახადის გადაუხდელობა გახდა. როგორც არაერთი მოვაჭრე გვეუბნება, ბაზრის ხელმძღვანელობას გადასახადის გადახდა, ოზურგეთის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით შესთავაზეს, თუმცა, თანხა საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდა და შპს „სოფლის ნობათს“ ამის გადახდა არ ძალუძს.
_ სად წავიღოთ ამდენი ნაგავი? პატარა ურნები წამში ივსება, ვწვალობთ, გავდივართ ქალაქის ტერიტორიაზე და იქ ვეძებთ დიდ ურნებს. რაღაც თუ არ მოწესრიგდა, ასე გაგრძელება არ შეიძლება, _ ამბობენ მოვაჭრეები.
შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორმა, ნოდარ ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.
„გადასახადის შესახებ არის საუბარი და მოკლე დროში, ალბათ, ყველაფერი მოგვარდება, _ თქვა მან.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის ხელმძღვანელს, თენგიზ ქუტიძეს და აღნიშნულის შესახებ ვკითხეთ. მან დაგვიდასტურა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს შეეფერება.
_ ჩვენ ვესაუბრეთ ბაზრის ხელმძღვანელობას და ნაგვის გატანაზე მომსახურების გადასახადი ზუსტად ისე შევთავაზეთ, როგორც ეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივლისის დადგენილების მიხედვითაა გამოყვანილი და შეადგინა 800 ლარი. თუმცა, მათ განაცხადეს, რომ არ გადავიხდითო. ხელშეკრულებზე ხელი არ მოგვიწერეს. ჩვენ უკანონო არაფერი ჩაგვიდენია, პირიქით, ყველა ნიუანსი გავითვალისწინეთ.
_ აქამდე როგორ იხდიდნენ გადასახადს?
_აქამდე მინიმალური იყო, თვეში 80 ლარი და ეს ტარიფი ქალაქის საკრებულოს 2012 წლის დადგენილების მიხედვით მოქმედებდა.
_ ბაზარშიც ხომ არის დღემდე ცარიელი დახლები, მოვაჭრეები გარეთ სხედან. შემოსავალი ხომ უნდა იყოს, რომ გადაიხადონ?
_ კი, ბატონო, რომელი დახლებიც ცარიელია, ის გამოვაკელით. ისე, ძალიან ბევრი არ არის ასეთი დახლების რაოდენობა. უფრო არის ბაზრის გაღმა ნაწილში, აქეთ მხარეს კი სრული დატვირთვაა.
_ხელშეკრულებაზე ხელი რატომ არ მოაწერეს, უსამართლო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ?
_ არ ვიცი, რატომ არ მოაწერეს. ჩვენ უსამართლოდ არაფერი მოგვითხოვია. ეს არის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების თანახმად განსაზღვრული ტარიფი. ვიმეორებ, ნაანგარიშევია თითოეული კვადრატული მეტრის მიხედვით და სადაც დახლი ცარიელია, ყველა გამოვაკელით. ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებულია არაერთი მაღაზია, ქვეიჯარით ვინც მუშაობს. ისინი იხდიან გადასახადს. აქ ნაანგარიშევია მხოლოდ დარჩენილი ფართობის გადასახადი, კანონის სრული დაცვით და მითითებული თანხაც გადასახადის რაოდენობაა.
_ თუ მაინც არ გადაიხადეს, რა მოხდება? რა ქნას ხალხმა, ვინც იქ მუშაობს და მომსახურება სჭირდება?
_ ჩაერევა, ალბათ, ზედამხედველობის სამსახური და დააჯარიმებენ. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს.
„გურია ნიუსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ღურჯუმელიძეს ესაუბრა. როგორც ღურჯუმელიძემ გვითხრა, ეს საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ იყო ინიცირებული.
_ 2018 წლის 18 ივლისის დადგენილება ნამდვილად არსებობს და აგრარულ ბაზრებში ერთ კვმ-ზე გადასახადი 0,35 თეთრია. ეს არც ისე დიდია. ეს არის დასუფთავების მოსაკრებელი. ადრე, ქალაქის მუნიციპალიტეტი როცა ცალკე იყო, ერთ კვმ-ზე გადასახადი 0,29 თეთრი იყო. ამხელა სხვაობა არ უნდა იყოს. თუ ტერიტორია არ არის მეტი. თუ ბაზრის ტერიტორია, დაახლოებით, ორიათას კვადრატულ მეტრზე მეტია, მაშინ დასახელებული თანხა, ალბათ, სწორი იქნება. ზოგადად, 0,35 თეთრი დიდი თანხა არ არის ერთ კვ.მ. გადასახადის სახით _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ჩვენ კვლავ ვესაუბრეთ სერვისცენტრის უფროსს თენგიზ ქუტიძეს. მან განმარტა, რომ ბაზრის ტერიტორია სამიათას კვმ. ფართობს შეადგენს.
_ ჩვენ გამოვაკელით ის ფართი, სადაც კერძო მაღაზიებია და ქვეიჯარით მოსარგებლე პირები მუშაობენ. არაფერი ზედმეტად მიწერილი არ არის, _ გვითხრა მან.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ჩნდება კითხვა: თუ ოზურგეთის ბაზრის ტერიტორია ამხელა ფართს მოიცავს, 0.29 თეთრის გადახდის შემთხვევაშიც კი, გადასახადის რაოდენობა, სულ ცოტა, 500 ლარი მაინც უნდა ყოფილიყო. მაშინ, საინტერესოა, რატომ იყო ორიათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გადასახადი 80 ლარი? ფართი იყო არასწორად ათვლილი თუ გადასახადის დამალვა ხდებოდა?
„გურია ნიუსი“ აღნიშნულ საკითხს კვლავ მიუბრუნდება.