„ავი მუსაიფი“ _ ასე ჰქვია თორნიკე გურჯინთახის, იგივე ნოდარ მაჭარაშვილის ახალ რომანს, რომლის პრეზენტაცია მწერალთა სახლში გუშინ საღამოს შედგა.
წიგნი 2 გლეხი ბიჭის მუსაიფით იწყება, რომელთაგან ერთ-ერთი პატარა კახი აღმოჩნდება.
ისტორიული რომანი „ავი მუსაიფი“, რომელიც მეფე ერეკლე მეორეს ხმალზე არსებული წარწერის სახელს ატარებს, მეფე ერეკლეს ცხოვრებას და იმ ეპოქას ეპოქას ასახავს, რომელშიც ის მოღვაწეობდა. როგორც წიგნის პრეზენტაციაზე ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ აღნიშნა, ამ წიგნმა ავტორი საქართველოში უნდა დააბრუნოს.
„სამწუხაროდ, ამ წიგნის ავტორი საქართველოში არ არის. ერეკლე მეფემ ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. მჯერა, ისტორიული პირების, რომლებიც ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც აგრძელებენ თავიანთ არსებობას. ერეკლე მეფემ, ამ წიგნმა ავტორი საქართველოში უნდა დააბრუნოს“, _ განაცხადა კალანდიამ.
ნოდარ მაჭარაშვილი, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილია და წლებია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს. წიგნებს კი, რაც დღემდე გამოცემული აქვს, თორნიკე გურჯინთახის ფსევდონიმით აქვეყნებდა.
ჰგავს თუ არა ნოდარ დუმბაძისა და ნოდარ მაჭარაშვილის შემოქმედება ერთმანეთს და რით არის გამორჩეული ნოდარ მაჭარაშვილის ახალი წიგნი მისი წინა რომანებისგან, რა არის მნიშვნელოვანი ისტორიული რომანის წერისას და რამდენად შეძლო ავტორმა ისტორიული ამბის მკითხველამდე მიტანა, რამდენად საინტერესო და კარგი საკითხავია ახალი ქართული ისტორიული რომანი _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ფილოლოგსა და პოეტს გიორგი ლობჟანიძეს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც „ავი მუსაიფი“ უკვე წაკითხული აქვს.
როგორც გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომანი ქართული ისტორიული რომანების ტრადიციას აგრძელებს, მაგრამ ახლებურად და სხვა ქართული ისტორიული ნაწარმოებებისგან ენობრივადაც განსხვავდება.
„ისტორიული რომანისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად არის დამუშავებული ფაქტოლოგიური მასალა და როგორ არის გადმოტანილი მხატვრულ სამოსელში, მხატვრული რეალობა როგორ არის კონსტრუირებული იმ მასალის მიხედვით. ეს არის ძალიან პირწმინდად, ბრწყინვალედ გაკეთებული, მწერლის, როგორც ხელოსნის დონეზე, იმიტომ, რომ არის აღმაფრენა, რაც გაწერინებს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ არ იცი შენი საქმე, თუ არ იცი მწერალმა რა გააკეთო, რომელი სვლის მერე რით გააგრძელო, ასე ჩავარდება ნაწარმოები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამხელა რომანში ერთი ჩავარდნა არ არის ამ თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ის აგრძელებს ქართული ისტორიული რომანების ტრადიციას, მაგრამ სრულიად თავისებურად და ახლებურად. რაც მთავარია, ისეთი არქაიზებული და სტილისტური ენით, როგორც ჩვენთან საერთოდ იწერებოდა კარგი ისტორიული რომანები, მაგრამ ნოდარ მაჭარაშვილის რომანი ენობრივადაც განსხვავებული რომანია“, _ ამბობს ლობჟანიძე.
ლობჟანიძე, ასევე, ამბობს, რომ ნოდარ მაჭარაშვილის მიერ დაწერილი რომანები კარგი ლიტერატურის შესავალი იყო, „ავი მუსაიფი“ კი დახვეწილი ლიტერატურაა.
„რაც შეეხება გურჯინთახის ფსევდონიმით გამოქვეყნებული მის წინა რომანებს, ვფიქრობ, ისინი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ აქ დიდი ნახტომია. ეს უკვე არის დახვეწილი ლიტერატურა, იქ იყო კარგი ლიტერატურის დასაწყისი და ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ამ წიგნს თავისი სახელ-გვარი მოაწერა“, _ ამბობს ლობჟანიძე.
მისი თქმით, ნოდარ დუმბაძისა და მისი შვილიშვილის შემოქმედებებს შორის მსგავსების პოვნა შეიძლება, მაგრამ მაჭარაშვილი ბაბუის გავლენის ქვეშ არ არის მოქცეული და ორივე მათგანი ცალკ-ცალკე, ინდივიდუალური მწერლები არიან.
„გენეტიკა ისეთი რამ არის, რომ ადამიანი სახითაც კი ემსგავსება თავის წინაპარს. ცხადია, დუმბაძისა მაჭარაშვილის ნაწარმოებებს შორის ამ მსგავსების მოხელთება შეიძლება, მაგრამ ეს არ არის გავლენა და არის 2 სხვადასხვა მწერალი. თუმცა, მსგავსება არის ის, რომ ის დიდი ჰუმანიზმი, რაც ნოდარ დუმბაძის წიგნებში იგრძნობა, არაჩვეულებრივად გრძელდება ნოდარ მაჭარაშვილის რომანშიც“, _ ამბობს ლობჟანიძე.