სოფელი ბუკნარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 120 მეტრზე მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 775 ადამიანი ცხოვრობს. მათგან 377 მამაკაცია, ხოლო 398 ქალი.
მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტს აჭარლები შეადგენენ. პირველი აჭარული ოჯახი ამ სოფელში 40 წლის წინ, ჩოხატაურის მაღალმთიანი სოფლიდან _ ზოტიდან ჩამოსახლდა. ამავე პერიოდში დასახლდნენ აჭარლები ბუკნარის თემში შემავალ სოფელ ბასილეთშიც, სადაც ჩვენი რესპოდენტი, ლია ირემაძე დაიბადა.
იგი 32 წლისაა და დღეს ბუკნარში ცხოვრობს. მას მხოლოდ 9 კლასის განათლება აქვს. ამბობს, რომ ბასილეთში, სადაც ის ცხოვრობდა მხოლოდ არასრული განათლების მიღების შესაძლებლობა იყო და შემდეგ, სწავლის გაგრძელებაზე არ უფიქრია.
16 წლის იყო, როცა მშობლებმა გაათხოვეს _ მეუღლეს არ იცნობდა თუმცა უფროსების ნებას დაჰყვა და ოჯახი შექმნა.
ყვება, რომ მაშინ პროტესტიც გამოხატვა არ შეეძლო და ამის მიზეზად იმდროინდელ სიტუაციას ასახელებს.
იხსენებს, რომ ნიშნობის წინ მხოლოდ მომავალი მეუღლის ფოტო ანახეს:
_ ბაბუამ მითხრა, რომ კარგი ბიჭი შეარჩიეს და უნდა დავქორწინებულიყავი. წინააღმდეგობა არ გამიწევია, დავთანმხდი. ფოტო მანახეს და მითხრეს, რომ კარგ ოჯახში მომიწევდა ცხოვრება. მაშინ ასეთი დრო იყო და სხვა გზა არც მქონდა, _ ამბობს ჩვენი რესპოდენტი.
ლია ირემაძის თქმით, სწავლის გაგრძელებაზე საუბარი არც ყოფილა:
_ კარგი იქნებოდა მესწავლა, მაგრამ ასე მოხდა. ოჯახი, შვილები როცაა ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა. მათ ბევრი რამე სჭირდებათ და მათი გულისთვის ყველაფერს უნდა შეეგუო, _ ამბობს ლია, რომელსაც შეგუება ბევრ რამესთან მოუწია და ახლაც უწევს _ 22 წლის იყო როცა მეუღლე დაეღუპა და 4 შვილით მარტო დარჩა. მას შემდეგ ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს. თუმცა, დასძენს, რომ ფიზიკური შრომა მეუღლის სიცოცხლეშიც უწევდა:
_ ახალგათხოვილი ვიყავი, როცა წალკაში გადავედით საცხოვრებლად. გვითხრეს, რომ იქ უკეთესად ვიქნებოდით. ყველაფერი თითქმის თავიდან დავიწყეთ და როცა შუა გზაზე ვიყავით მეუღლე დამეღუპა. წალკაში ისეთი პირობები არ გვქონდა, რომ თავის გატანა შეგვძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვშრომობდი. ამიტომ, ჩოხატაურში დავბრუნდით, _ აღნიშნავს ჩვენი რესპოდენტი, რომლის ცხოვრების ყოველი დღე, მისი თქმით ერთნაირია.
დილას ადრიანად _ 6 საათზე იწყებს. უვლის საქონლებს, ამზადებს რძის პროდუქტებს, მუშაობს ბოსტანში, ყანაში.
მძიმე ფიზიკური შრომის კვალი ხელებზე კარგად ეტყობა.
ლიას, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარტოს უწევს გაუძღვეს ოჯახის მეურნეობას
4 შვილის დედას ადრე დილიდან უწევს შრომა
ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, რადგან მას ბავშობიდან მხოლოდ შრომა ასწავლეს.
ლია ირემაძე ბოსტანში
კითხვაზე რას იზამდა მაშინ, თუ ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება ექნებოდა, პასუხი არ აქვს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მშობლების სურვილის წინააღმდეგ წასვლას, ალბათ, ვერ გაბედავდა.
განათლება არც ლიას დედამთილს, მერი ირემაძეს მიუღია. ამბობს, რომ ამის სურვილი არასდროს ჰქონია. გვიყვება, რომ 16 წლის სარძლო კარგი ოჯახისშვილობით აარჩია და მისთვის ეს საკმარისი იყო.
კითხვაზე, რატომ არ დაეხმარა რძალს განათლების მიღებაში, გვპასუხობს, რომ მას არ მოუნდომებია:
_ ლიას სწავლის სურვილი არასდროს გამოუთქვამს და არც მე შემითავაზებია. არც ჩემი შვილი იყო ნასწავლი და არც მას ჰქონდა სურვილი. დღეს ვფიქრობ, რომ ნასწავლი ადამიანისთვის ცხოვრება უფრო იოლია, მაგრამ ეს თავად უნდა მოინდომონ. დაძალებით არაფერი გამოვა. ჩემს შვილიშვილებს მუდამ ვეუბნები, რომ ისწავლონ, მაგრამ არ უნდათ, არ ინდომებენ და ეს ძალიან მაწუხებს, _ გვითხრა მერი ირემაძემ.
აჭარელ რძალ-დედამთილს იმედი აქვთ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები კარგ განათლებას მიიღებენ და მიწის დამუშავებით და საქონლის მოვლით თავის გატანა არ მოუწევთ.
ლია ირემაძე მუდამ შრომაშია
_ სიმართლე გითხრათ, სწავლის სურვილი არც მე მქონია. მაშინ, ამას დიდი მნიშვნელობა არც ენიჭებოდა, თუმცა, დღეს სხვა სიტუაციაა. უსწავლელი ადამიანი არავის სჭირდება. თუ განათლებას არ მიიღებ, თავის გატანა ისეთი მძიმე შრომით მოგიწევს, როგორითაც თითქმის მთელი ცხოვრება გავიარე. დღეს შეძლება არ მაქვს. ჩემს რძალს დიდი დახმარებას ვერ ვუწევ. ვეღარც ბოსტანში ვმუშაობ და ვეღარც ყანაში. რა თქმა უნდა გული მწყდება, რომ ასეა და სწორედ ამიტომ მინდა, რომ ჩემმა შვილიშვილებმა კარგად ისწავლონ. მათი წინაპრების მაგალითი უნდა გაითვალისწინონ და თოხით და ბარით არ უნდა გალიონ ცხოვრება, _ აღნიშნა მერი ირემაძემ.