მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ანალიტიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავება და მონიტორინგი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესის ეფექტიანობის გაზრდა_აღნიშნულ მიზანს ისახავს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის ახალი პლატფორმა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა რეგიონის ისტორიაში არის პირველი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში სთავაზობს მარტივად მიიღოს მისთვის სასურველ გარემოსდაცვით სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პლატფორმა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას ეხმიანება.
“სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პრეზენტაცია. ეს არის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს გარემოსდაცვით ინფორმაციას და ხელმისაწვდომს გახდის ამ ინფორმაციას მოსახლეობისთვის. განათლების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წყარო სხვადასხვა ფენისთვის. გააუმჯობესებს პოლიტიკას გარემოსდაცვითი კუთხით, იმიტომ რომ ბევრი მონაცემთა ბაზა ერთ ელექტრონულ სისტემაში იქნება მოქცეული. ეს ეხმიანება პირდაპირ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივებს ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უფრო ეფექტიანები ვიყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენი სამინისტრო უკვე ამზადებს, სისტემას ნერგავს და მნიშვნელოვნად ეს ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში“, _ განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც პლატფორმის პრეზენტაციაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა ირაკლი ბალანჩივაძემ განაცხადა, პორტალზე ამ დროისთვის 3 თემატიკაა განთავსებული, რასაც განვითარებასთან ერთად სხვადასხვა გარემოსდაცვითი თემები დაემატება.
“პორტალზე 3 თემატიკაა განთავსებული. ეს არის კლიმატის ცვლილების თემა, ბიომრავალფეროვნება და გაუდაბნოება. პროექტის განვითარების ფარგლებში აღნიშნულ თემატიკებს სხვა თემატიკები დაემატება და უფრო მრავალფეროვანი გახდება. ამ დროისთვის ინფორმაცია სხვადასხვა სახით არის განთავსებული, სივრცითი და ცხრილური მონაცემები, წინასწარ მომზადებული ანგარიშები სხვადასხვა გრაფიკებითა და ვიზუალიზაციით, ფასიანი ინფორმაცია, პროექტები და ა.შ.”,_განაცხადა ბალანჩივაძემ.
ახალი პლატფორმა, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით შეიქმნა.