საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შეწყალების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 111 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 42 საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. ამის შესახებ შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ის დეკანოზ გიორგი მამალაძის და ვანო მერაბიშვილის საკითხს გამოეხმაურა.
შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განხადებით, კომისიამ მამალაძის საქმე განიხილა და დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მას შეწყალების თხოვნის შესახებ განაცხადი არ დაუწერია.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძის საქმე ამჯერად განიხილა შეწყალების საკითხთა კომისიამ და ვანო მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგან მას განცხადება შეწყალების თაობაზე არ დაუწერია.
გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს სასჯელის ნახევარი მოხდილი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ. მამალაძის საქმის განხილვისას შეწყალების კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის შეხედულება გაიზიარა“,_განაცხადა ქორიძემ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ციანიდით მკვლელობას გეგმავდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რომელიც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინსიტრის პოსტი ეკავა, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული. მერაბიშვილი მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.