ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში შევცვალოთ ხელისუფლება, ისე რომ აღარ დაბრუნდეს შურისძიების ანგარიშსწორების ტალღა, თუ თქვენ არ მოხვალთ არჩევნებზე სხვა გადაწყვეტს თქვენს მომავალს _ ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს მიმართავს.
’’ჩვენი ამოცანაა შევცვალოთ ხელისუფლება. დღეს მეტად ბევრი ადამიანი ამბობს, რომ არის ცუდად, ვიდრე ნახავთ ოჯახს, რომელიც იტყვის, რომ არის კარგად.
დღეს ბევრად მეტი ადამიანი გეტყვით, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით. დროა შევცვალოთ და ავაშენოთ უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე.
კარგად მესმის,რომ გარკვეულ ადამიანებს ცვლილებების ეშინიათ, ეშინიათ, რომ ცვლილებებმა შეიძლება მოიტანოს არეულობა, აგრესიულ წარსულში დაბრუნება, შურისძიების და რევანშის ახალი ტალღა.
მე მესმის ამ შიშის და თითოეულ ასეთ ადამიანს, მინდა ვუთხრა სწორედ ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში შევცვალოთ ხელისუფლება და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდეს შურისძიების ტალღა.
ხელისუფლების სურვილია, ისე წარმოაჩინოს ყველაფერი, რომ არჩევანი გვიწევს ცუდსა და უარეს შორის, ამიტომ ჩვენი ვალია ვუთხრათ ყველას, რომ უნდა შევცვალოთ ხვალინდელი უკეთესი დღისთვის. არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, თუ თქვენ არ მოხვალთ არჩევნებზე სხვა გადაწყვეტს თქვენს მომავალს’’ _ განაცხადა დავით ბაქრაძემ