ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ლონდონის ერთ-ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია.
როგორც ჩხარტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ცნობილი ექსპერტისგან მიიღო დასკვნა, სადაც წერია, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული.
„ერთი კვირის წინ, როგორც ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა, გავმართე ბრიფინგი და გავაკეთე განცხადება, რომ ტელეკომპანიების „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტები ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს იყო მონტაჟი.
აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მივმართე ლონდონის ყველაზე ცნობილ საექსპერტო ბიუროს. ექსპერტიზა ჩაატარა ბატონმა ბეიკერმა, რომელიც არის საკმაოდ ცნობილი ექსპერტი. დღეს მივიღე მართლაც შოკისმომგვრელი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია – „ჩემი პროფესიული დასკვნით, სამივე ჩანაწერზე, ამ სფეროში მოღვაწე სტანდარტული შემოწმებისა და გამოკვლევის ჩატარებით, აღმოვაჩინე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული. ჩემი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ სამივე ჩანაწერი იძლევა ძალიან მყარ საფუძველს, რომ აუდიოჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა“-ამბობს ბეიკერი.
ჩვენ გავაგზავნეთ სამი ფაილი, სადაც ფიგურირებდა ვანო ჩხარტიშვილი. პირდაპირ სურათები გამოაგზავნა ბეიკერმა, სადაც აღნიშნულია სად ხდება მონტაჟი. მესამე ჩანაწერზე ფიქსირდება სკანდალური ფაქტი – ორწუთიან და ექვსწამიან მონაკვეთში დაფიქსირებულია ექვსი მონტაჟი და შვიდი სხვადასხვა საუბრის გაერთიანება. ეს არის ჩემი აზრით უპრეცენდენტო სიბინძურე, რომელსაც ქართულ მედიაში ანალოგი არ ჰქონია. ეს რომ მე სამხარაულში შემეკვეთა, ვიტყოდი, გარკვეულწილად სამხარაულმა გასცა არასწორი დასკვნა, მაგრამ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტიზის ბიურო“,- განაცხადა ხატიაშვილმა.
ამასთან, ხატიაშვილის თქმით, მას ასევე ოთხ სხვადასხვა გავლენიან ექსპერტიზის ბიუროში აქვს შეკვეთილი უფრო დეტალური ექსპერტიზა.
ზაზა ხატიაშვილი „იბერიას“ და „რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
„მინდა მოგმართოთ ორ ტელეკომპანიას, რომელთა მაყურებელი მეც გახლავართ, „იბერიას“ და „რუსთავი 2“-ს, ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ თქვენ უნდა მოუხადოთ ბოდიში ვანო ჩხარტიშვილს, რომ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა მის პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას“,- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.