„თიბისი ბანკი“ უარყოფს ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ბანკმა 4 მილიონი ლარის ტრანზაქცია პროცედურების დარღვევით მოახდინა. ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ეკა ეგუტიას განმარტებით, საფინანსო ინსტიტუტმა თანხა ყველა კანონის შესაბამისად გასცა.
მისი თქმით, თანხის გატანა სამუშაო საათში მოხდა და ასევე, შესწავლილი იყო კომპანიის ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია.
„არავითარი ოფშორული კომპანია არ არის. კომპანია არის ქართული შპს, სათანადოდ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული, სათანადოდ ანგარიშები აქვს გახსნილი ყველა ნორმის დაცვით. ჩვენ ანგარიშებს არ ვხსნით, ისე, რომ არ იყოს ყოველგვარი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია შესწავლილი და კანონშესაბამისი. ყველაფრის იდენტიფიცირება ხდება, მათ შორის ოფშორთან დაკავშირებით და საეჭვო არაფერი მოიძებნება“, – განაცხადა ეგუტიამ.
ამასთან, „თიბისი ბანკში“ არ ადასტურებენ ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბანკის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ხელისუფლების მოქმედი წარმომადგენლისგან, გიორგი გახარიასგან აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებისთვის ზეწოლას განიცდიდნენ.
„არც ვახტანგ ბუცხრიკიძე, არც მამუკა ხაზარაძე აღნიშნულ ტრანზაქციაზე ინფორმირებულები არ ყოფილან. ასეთი ტრანზაქციები ბანკში ყოველდღიურად ხორციელდება და მასში ჩარეული არ არის არც გენერალური დირექტორი, არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. არ ვადასტურებ არავითარ ზეწოლას, ისინი არ განიცდიდნენ ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. დეტალებს ვერ გავამჟღავნებ, თუმცა კომპანია არის ქართული და მან განკარგა საკუთარი თანხები, „თიბისი ბანკს“ კი არ ქონდა უფლება, შეეზღუდა კლიენტისთვის საკუთარი თანხების განკარგვა“, – აღნიშნა ეკა ეგუტიამ.
„თიბისი ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თქმით, ასევე, ბანკს აღნიშნული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია გადაგზავნილი აქვს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტები 30 ათასი ლარის თანხის ზემოთ ყველა ოპერაციის შესახებ ანგარიშს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უგზავნის.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა“ ფირმაზე, რომელიც 24 საათის გახსნილი იყო, ერთბაშად ოთხი მილიონი გასცა, რაც პროცედურის დარღვევა იყო და ბანკს ეს თანხა უნდა დაებლოკა.