ჩანაწერების ავთენტურობაც რომ დადგინდეს, მასალა სამართლებრივად არაკანონიერად არის მოპოვებული, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრის ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიებას ნდობას უცხადებენ, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, ლევან ყიფიანმა ჩვენება სასამართლოზე მისცეს.
„მზად ვართ, ვითანამშროლოთ და გავცეთ ყველა კითხვას პასუხი, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა კითხვები იქნება, ძალიან ძნელია წინასწარ საუბარი, იმდენი ჩანაწერია გავრცელებული. ამასთან, რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ლევან ყიფიანს უნდა გაეკეთებინა – ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მის მიმართ შესაძლო ძალადობაზე ვისაუბრებდით, ჩვენ ვთქვით, რომ გააკეთებდა საკმაოდ მნიშვნელოვან და სერიოზულ განცხადებას, რომლითაც ფარდას ახდიდა ბევრ საკითხს და კითხვებს გასცემდა პასუხს, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ისმის. ხვალ სავარაუდოდ, ჩავატარებთ პრესკონფერენციას და გაეცემა ყველა კითხვას პასუხი. ძალადობასთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, რადგან არ მაქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან ამის უფლება“, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ჩანაწერებთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა დადგეს ლევან ყიფიანის პასუხისმგებლობის საკითხი, ადვოკატი აცხადებს, რომ ჩანაწერების ავთენტურობაც რომ დადგინდეს, სამართლებრივად მასალა არაკანონიერად არის მოპოვებული.
„იგი დაუშვებელი მტკიცებულებაა და ვერ გამოდგება ვერანაირი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ეს აპრობირებულია, ამაზე მიიღეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ და უზენაესმა სასანართლოსაც. უამრავ საქმეში ასეთ მტკიცებულებებს მოსამართლეები ცნობენ როგორც დაუშვებელ მტკიცებულებად. აქედან გამომდინარე, ამ ჩანაწერებით ადამიანის გასამართლება ყოვლად დაუშვებელია. რაც შეეხება შინაარსა და საუბრებს, ამაზე თავად ლევან ყიფიანი გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე ლევან ყიფიანი შესაძლოა, სასამართლოში დღეს გამოიკითხოს.
პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ყიფიანი გუშინ დაბარებული იყო უწყებაში მოწმის სტატუსით, თუმცა მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და მოითხოვა სასამართლოში გამოკითხვა.
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.
1tv.ge