1900-იანი წლების დასაყისში იოსებ ჯუღაშვილის ახლად შექმნილმა სამხედრო ჯგუფმა ,,ბაევაია დრუჟინამ” თავდაპირველად იარაღის შეგროვება დაიწყო, ჭიათურის ახლოს, სოფელ სვერში და ხარაგაულის სოფლებში ვანსა და ფარცხანაში კი იარაღის საწყობი მოაწყო. მაგრამ საწყობებში მხოლოდ შაშხანები იყო, `ქალაქში გამოსადეგი იარაღი ცოტა გვქონდა _ ერთი ბრაუნინგი და რამოდენიმე ნაგანი~. ცოტა `წელში რომ გასწორებულიყვნენ~, პატარა ექსპროპრიაცია მოაწყვეს. დღევანდელი თავისუფლების მოედანზე, ქალაქის აღმასკომის (ყოფილი მერიის შენობის) ქვეშ ქალაქის ლომბარდი იყო განთავსებული. ამ ლომბარდის დაყაჩაღება რამდენჯერმე სცადეს მენშევიკებმა, მაგრამ ამაოდ. კოტე ცინცაძის თქმით: `…ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვედინა გიჟური საქმე…~ მაშინ თბილისის ქუჩები ჯარით და პოლიციელებით იყო სავსე და ლომბარდის დაყაჩაღება მართლა `გიჟური~ საქციელი იყო.
ეს საქმე ჯგუფის სამმა წევრმა _ კოტე ცინცაძემ, ვანო კალანდაძემ და ელისე ლომინაძემ ჩაატარა… დილის ათ საათზე ისინი ლომბარდში შევიდნენ და მისაღებ ოთახში დაიწყეს ცდა. ნახევარ საათში შემოიტანეს ფულით სავსე ყუთი, თავდამსხმელები მიცვივდნენ და თანამშრომლებს ყუთი ხელიდან გამოსტაცეს. გარეთ გასვლა რომ მოინდომეს, კარი გარედან ჩაკეტილი დაუხვდათ. მაშინ მათ ველიამინოვის (დადიანის) ქუჩის მხარეს ფანჯრები ჩაამტვრიეს და ქუჩაში გადახტნენ. ერივანსკის მოედნის მხრიდან პოლიციამ სროლა აუტეხა, მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, ისარგებლეს არეულ-დარეულობით, ხალხის პანიკით და მიიმალნენ. ყუთში სულ ორ-ნახევარი ათასი აღმოჩნდა (უფრო მეტს მოელოდნენ). `…ამ ფულების ნაწილი გადავეცით ფრაქციას… ნაწილი ფულის ფონდათ გადავდევით კიდევ უფრო სერიოზული `ექსის~ მოსახდენათ…~
ამ `ექსის~ შემდეგ ბორჯომ-ახალციხის გზაზე საფოსტო ეტლზე თავდასხმა მოეწყო, ამ საქმეში ბორჯომის მენშევიკებიც იღებდნენ მონაწილეობას, რადგან ფოსტაში თავისი ხალხი ჰყავდათ. `…ჩვენ იძულებულები გავხდით, მათთან ერთად გაგვეკეთებია ეს საქმე~. ისინი შეიარაღდნენ და ბორჯომთან ახლოს ეტლს დახვდნენ. ურთიერთსროლაში ურიადნიკი მოკლეს, ფოსტის დამცველი კაზაკები განაიარაღეს, მაგრამ ფული ვერ წაიღეს, რადგან დაჭრილმა და დაფეთებულმა ცხენებმა ფულიანი `ტარანტასი~ გაიტაცეს. `დავრჩით პირში ჩალა-გამოვლებულები. …იარაღი ისევ იქაურ საწყობში შევინახეთ. მე, კოტე და ვანო კალანდაძე წავედით ჭიათურლებთან ერთად ჭიათურაში, არ გვინდოდა ხელცარიელი დავბრუნებულიყავით ტფილისში. უფროსი ამხანაგებისა გვრცხვენოდა~, _ იხსენებდა კუპრაშვილი.
ჭიათურაში გადაწყვიტეს თავდასხმა საფოსტო მატარებელზე, რომელსაც პარასკეობით შორაპნიდან ფული მიჰქონდა. პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. მომდევნო პარასკევს ისევ დახვდნენ მატარებელს. პატარა ხიდი წინდაწინ რელსებით გადახერგეს. როცა მატარებელი გამოჩნდა, `…ვაჩვენეთ წითელი ფარანი, გაჩერების მაგივრად უფრო უმატა სვლას, დაეტაკა ჩვენს ამოხირგულ ხიდს, რელსები მილეწ-მოლეწა და უვნებლათ გადალახა ეს დაბრკოლება, თანაც მატარებლიდან სროლა აგვიტეხეს. წინა კვირის თავდასხმის გამო მცველები გაუძლიერებიათ _ ფოსტის ვაგონს თან ახლდა ცალკე ვაგონი სალდათებით სავსე… ეს მეორედ მიგვდის ხელიდან მატარებელი“. ბაჭუა გამოუდგა მატარებელს, შეხტა ორთქლმავალზე და გააჩერებინა. შეშინებული მცველები ვაგონებში ჩაიკეტნენ და იქიდან განაგრძეს სროლა. ჯარისკაცები შეტევაზე რომ წამოსულიყვნენ, რიცხვობრივი უპირატესობის გამო თავდამსხმელებს იოლად მოიგერიებდნენ. თუმცა ასე არ მოხდა, ვაგონში ჩაკეტილი დაცვა ორი საათის განმავლობაში ისროდა, საბოლოოდ თავდამსხმელებმა მოახერხეს სალდათების განიარაღება, ოფიცერი გაპარულიყო. რომ მოგვენდომებია ყველა ჯარისკაცს ამოვწყვეტდით, მაგრამ ზედმეტ მსხვერპლს ვერიდებოდითო, _ იხსენებდა კუპრაშვილი. ორმხრივი სროლისას ერთი ჯარისკაცი და ერთი ჩაფარი დაიღუპა. ნადავლმა ოცდაათი ათასი შეადგინა, რომელიც ცენტრს ჩააბარეს უკლებლივ. ბევრი სხვა პარტიის სამხედრო დაჯგუფებებისგან განსხვავებით, ეს ჯგუფი ნადავლს თითქმის უკანასკნელ კაპიკამდე აბარებდა ცენტრს. მოპოვებული თანხის მცირე ნაწილს, რომელსაც ჯგუფი იტოვებდა, ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა _ შემდეგი ტერორისტული აქტის ან `ექსის~ მომზადება. ჯგუფის წევრები რომ მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდნენ და ნაძარცვ ფულს ხელს არ ახლებდნენ, ამის შესახებ ბევრს უწერია. ტატიანა ვულიხი იხსენებს, როგორ მივიდა ერთხელ `დრუჟინის~ კონსპირაციულ ბინაზე, სადაც ელისე ლომინაძე საწოლში დახვდა. შეკითხვაზე, ავად ხომ არ ხარო, ლომინაძემ უპასუხა, რომ მისი შარვალი იმდენად გაცვეთილია, რომ კაპიტალურად შეკეთება სჭირდება, ამიტომაც იძულებელია საწოლში იწვეს.
შემდეგი ტერორისტული აქტი კი ქუთაისი ხაზინის გაძარცვას ითვალისწინებდა. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ცინცაძე დაიჭირეს, რომელიც საბოლოოდ ციმბირში გადაასახლეს. იქიდან გამოქცევას რამდენიმე თვე დასჭირდა. კოტეს ადგილი დაიჭირა კამომ, რომელსაც პეტერბურგში გაეგო ჯგუფის არსებობის შესახებ და მას თავდასხმის წინა დღეს შეუერთდა. ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ კამოს სტალინმა გაუწია რეკომენდაცია.
კოტეს დაპატიმრება არ ყოფილა მთავარი დაბრკოლება. აღმოჩნდა, რომ ხაზინაში ქაღალდის ფული საკმარისად არ იყო. ეწყო მილიონამდის ოქრო, რომელიც 252 ფუთს იწონიდა, ასეთი სიმძიმის წაღება კი შეუძლებელი იყო. მათ ხაზინაში თავისი კაცი ჰყავდათ და გადაწყვიტეს, დაეცადათ, სანამ თანხა მილიონამდე შეგროვდებოდა. ასი და ორასი ათასის გულისათვის არ აპირებდნენ თავდასხმის მოწყობას. ქუთაისის ძარცვის დაჩქარება `ცენტრის~ მოთხოვნა იყო _ მზადდებოდა ლონდონის სოციალ-დემოკრატთა კონგრესი და ლენინმა პირადად დაავალა კავკასიის ბოლშევიკურ ორგანიზაციას კონგრესის დასაფინანსებლად `ექსის~ მოხდენა.
მათ `დიდ საქმეს~ აღარ დაუცადეს და ქუთაისში საფოსტო ეტლს თავს დაესხნენ. `ლინეიკას~, რომელსაც ფული მოჰქონდა, ბაჭუა კუპრაშვილმა ბომბი ესროლა, რასაც მეეტლე და ცხენი ემსხვერპლა, ხოლო მოლარე მსუბუქად დაიჭრა. გაიტაცეს 15 ათასი მანეთი და პეტერბურგში გაგზავნეს. ალექსანდრა დარახველიძის მოგონებებში ვკითხულობთ: `ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ქუთაისის ბანკის ექსპროპრიაციაში. ჩვენ ვიცოდით, თუ როდის უნდა წამოეღოთ ბანკიდან ფული ეტლით. წინასწარ შედგენილი გვქონდა გეგმა. როგორც კი ეტლი დავინახეთ, ვანო კალანდაძემ გაისროლა რევოლვერი, ყუთი, რომელშიც იყო 15 000 მანეთი, ჩავიგდეთ ხელში, ვანო კალანდაძემ გადაიცვა სხვა ტანსაცმელი და გაიქცა, ფული კი მე და ანეტამ ტანზე შემოვიკარით და გორაზე დანიშნულ ადგილზე ცაცხვებში, დიაკვნის სახლში მივიტანეთ. იქ მოვიდნენ კამო და ბარონ ბიბინეიშვილი და ის ფული მათ ჩავაბარეთ~.
1907 წელს ჯგუფმა `დიდი ექსპოპრიაციისთვის~ დაიწყო მზადება, რაზეც მათ პრინციპული თანხმობა ბოლშევიკების ბიუროსაგან და თვით ლენინისაგან ჰქონდათ მიღებული. ვინაიდან პარტიული ყრილობის დადგენილებით ექსპროპრიაცია აკრძალული იყო, ჯგუფი, როგორც აღვნიშნეთ, ფორმალურად გამოყოფილი იყო პარტიისგან, ფაქტობრივად კი არასოდეს გაუწყვეტია კავშირი პარტიასთან და ყოველი ექსპროპრიაციისა თუ ძარცვა-გლეჯის შემწეობით შეძენილი ფული უკლებლივ პარტიას გადაეცემოდა.
`ექსი~ დიდი რაოდენობით თანხის (მილიონ მანეთზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო) მოპოვებას ითვალისწინებდა და ეს უფრო შესაძლებელი თბილისში იყო.
`ობიექტის~ შერჩევა ადვილი არ იყო, `დრუჟინა~ ბოლშევიკური ცენტრის ზოგად დირექტივას ემორჩილებოდა, თუ ვისი გაძარცვა იყო შესაძლებელი _ კერძო ბანკების `დატერორება~ აკრძალული იყო, თუმცა ასეთ ბანკებში, როგორიც იყო `ვოლჟსკო-კამსკი~, `აზოვო-დონსკოი~, `კომერჩესკი~, ხშირად ინახებოდა დიდი რაოდენობის თანხა და ამ ბანკებზე თავდასხმაც უფრო ადვილი იყო, ვიდრე სახელმწიფო ბანკებზეო, _ წერდა ბაჭუა კუპრაშვილი. ამასთან არსებობდა პარტიათაშორის რაღაც შეთანხმება ერთმანეთის გავლენის სფეროში ჩაურევლობის შესახებ .
1907 წლის გაზაფხულზე კამომ ფინეთიდან ჩამოიტანა ასაფეთქებელი მასალები, დინამიტი და `მარსის~ სისტემის რამდენიმე რევოლვერი. `…კამო ძალიან კმაყოფილი იყო, რადგან უყვარდა მოწინავე ამხანაგების წინაშე თავის გამოჩენა და ცოტათი წატრაბახება~. ჩამოტანილი იარაღისათვის წინდაწინ მოამზადეს ორი საწყობი. ერთი განლაგებული იყო მიხაილოვის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც ბაჭუა და ვანო კალანადაძე ცხოვრობდნენ, `როგორც კნიაზები~, მეორე კი _ აბასაბადის მოედანთან (დღევანდელი ლ. გუდიაშვილის მოედანი). სხვათა შორის, საქმეში ჩართული იყო კამოს 12 წლის გიმნაზიელი და არუსიაკა, რომელსაც ყუმბარები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები სასკოლო ჩანთით გადაჰქონდა, `…და უკეთუ დაიჭერდენ, უნდა ეთქვა, რომ ქუჩაში ვიპოვნე და არ ვიცი, რა არისო~. მოგვიანებით არუსიაკა კოტე ცინცაძის მეუღლე გახდა. ამ უკანასკნელმა `დიდ ექსში~ მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან ციხეში იჯდა.
დაწვრილებით რომ სცოდნოდათ, როდის და რამდენი თანხა მოძრაობდა, საჭირო იყო საკუთარი კაცი ჰყოლოდათ ფოსტაში. ასეთი კაცი მალევე იპოვნეს _ გიგო კასრაძე, იოსებ ჯუღაშვილის გორელი მეგობარი. ერთ დღეს ჯუღაშვილმა კასრაძეს სახლში მიაკითხა. `…1907 წ. თვე და რიცხვი კარგად არ მახსოვს, ჩემს ბინაზე მოდის დიდი ხნის უნახავი ძვირფასი ამხანაგი სოსო ჯუღაშვილი… მოკითხვის შემდეგ მითხრა, რომ შენ ხვალ დილით 9 საათზე მოხვალ `სევერნი ნომრების~ ქვეშ ადამიას საჩაიეში, სადაც გაგაცნობ საუკეთესო მებრძოლ ამხანაგებს და მათთან ერთად იმუშავებო… დილით, დაპირებისამებრ მივაშურე ადამიას საჩაიეს. ამხანაგი სოსო იქ დამხვდა, მიუსხედით მრგვალ მაგიდას, ამხანაგმა სოსომ მოითხოვა ორი ჭიქა ჩაი, არ გაიარა ხუთმა წუთმა ჩვენს მაგიდას შემოუსხდნენ ორი უცნობი (ერთი მათგანი კამო იყო _ ი. მ.), მათ მოითხოვეს მაწონი და რძე, ამხანაგმა სოსომ პირველად დაარღვია მყუდროება და შემოსწრებულ უცნობთ უთხრა: `აი, ეს ის გიგო კასრაძეა, რომელზედაც თქვენთან ბევრჯერ მქონია სჯა-ბაასი და თქვენთან იმუშავებსო, მე კი ამაღამ მივდივარო…~
კასრაძემ ზედმიწევნით შეისწავლა ფულის გადაზიდვის მარშრუტები და ინფორმაციას ჯგუფს აწვდიდა: მან მიიღო ცნობა, რომ ერივანსკის მოედანზე შვიდასი ათასი მანეთის ოდენობის ფულს წაიღებენ ბანკში. ჯგუფის უმრავლესობა თავდასხმის წინააღმდეგ წავიდა, რადგან მილიონი არ იყო… მეორე ცნობით, ქალაქ ჯულფისაკენ მატარებლით მილიონ ასი ათასი მიჰქონდათ. მათ მაშინვე დაიწყეს მზადება. მაგრამ მზადების დროს ბაღდო მეზურნოვის ბინაზე მცხოვრებ კამოს ხელში კაფსულა აუფეთქდა და თვალი დაუზიანდა. ამის გამო მან მატარებლის გასვლამდე ყუმბარების დამზადება ვეღარ შეძლო… ცოტა ხანში კიდევ მიიღეს ცნობა, რომ ბათუმისაკენ მილიონ სამასი ათასი მიჰქონდათ, მაგრამ ეს საქმეც ჩაიშალა. `…ერთ მშვენიერ შაბათის საღამოს… პეტერბურგიდან მივიღეთ `მონეტნი დვორიდან~ ტფილისის ბანკის სახელზედ ორი ტილოს პარკი დალუქული, ერთი 100 000 მანეთის, მეორე 150 000 მან. სულ ორივე 250 000…~ კასრაძემ ეს ამბავი მაშინვე კამოს გააგებინა. ჯგუფისათვის ეს პატარა თანხა იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, პარტიას ფული სჭირდებოდა და თანაც დროთა განმავლობაში დინამიტი უფუჭდებოდათ. ალექსანდრა დარახველიძის ცნობით, ექსპროპრიაციის გეგმა სტეპკო ინწკირველმა, ბაჭუა კუპრაშვილმა, კამომ და ვანო კალანდაძემ შეადგინეს.
საყურადღებოა, რომ მომავალი ექსპროპრიაციის შესახებ ქალაქში ხმები იყო გავრცელებული. დანამდვილებით ასახელებდნენ ექსპროპრიაციის ადგილსაც და დროსაც. ამის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორმა დაწვრილებითი მასალები წარუდგინა იუსტიციის მინისტრს. ამ უკანასკნელმა ის დაამშვიდა და დაარწმუნა, `რომ ეს ხმები უსაფუძვლოა, რომ მას არ მოეპოვება ამის შესახებ აგენტურის არავითარი ცნობები~. ვორონცოვ-დაშკოვისადმი მიწერილ წერილში სტოლიპინიც ამბობს, ბანკების მოსალოდნელი ძარცვის შესახებ ხმები დადიოდაო. სახელმწიფო ბანკის მმართველი პოლიცმეისტერს და პოლიციას სთხოვდა, გამაფრთხილებელი ზომები მიეღოთ, მაგრამ ყური არავინ ათხოვა. სტოლიპინი საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ 13 ივნისს, დილით, ფულის ტრანსპორტის გავლის წინ, მოედანზე საეჭვო პირები გამოჩნდნენ, რომლებიც იქ მყოფ ხალხს მოედნის დატოვებას ურჩევდნენ, ამის მიუხედავად, იქვე მყოფ პოლიციელთა და კაზაკთა პატრულს არაფერი შეუმჩნევიაო. გადმოცემით, `ერთ-ერთი პირი~ ოფიცრის ტანისამოსში გამოწყობილი კამო იყო, რომელიც ყველას აფრთხილებდა, მოედანზე არ შეჯგუფებულიყვნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რა არეულობა სუფევდა იმ დროს მთლიანად სახელისუფლებო სისტემაში, რა დაუსჯელობის სინდრომი არსებობდა და როგორ თავხედურად და გამომწვევად იქცეოდნენ რევოლუციონერები: დღისით-მზისით, ჯარისა და პოლიციის ცხვირწინ, მძარცველები ყველას მოსალოდნელი ყაჩაღობის შესახებ აფრთხილებდნენ, თითქოს საქეიფოდ ეპატიჟებოდნენ.
1907 წლის 13 ივლისის დილას სახელმწიფო ბანკის მოლარემ და მოანგარიშემ ხუთი კაზაკისა და ორი ეტლის თანხლებით ფოსტიდან 250 000 მანეთი მიიღეს და ბანკში ბრუნდებოდნენ. ბაღდო მეზურნოვი იხსენებდა: `…7 ივლისს ორშაბათ დღეს… გამოვედით ერევნის მოედანზე და ყველამ დავიკავეთ თავის დანიშნული ადგილები. რვა ყუმბარა იყო გამზადებული რომლებიც უნდა გადაეგდოთ ეტლზე და ეტლზე მჯდომს კაზახებზე და კიდევ ცხენოსან კაზახებზე რომლებიც აცილებდნენ ეტლს. მე ამ დროს ვიდექი ამიერკავკასიის შტაფის პირდაპირ ბაევოი ყუმბარით, რომელიც მე უნდა გადამეგდო იმ შემთხვევაში თუ რომ ამ დროს შტაფის კარებიდან გამოსულიყვნენ ჯარისკაცები. როდესაც ეტლი გამოჩნდა პუშკინის სკვერთან… კამო და მარო ბოჭორიშვილი… იდგნენ ქალაქის სამართველოს მარცხენა მხარეს შესავალ ქუჩის დასაწყისში, სადაც დამზადებული ეტლი იდგა, რომელიც ეკუთვნოდა ზახარა ზალინოვს, მეეტლეთ იყო ამხანაგი დოდე, რომელმაც იცოდა თავისი მოვალეობა~. ექსპროპრიაციის ერთ-ერთი მონაწილე, `ძველის~ ფსევდონიმით ცნობილი, დაწვრილებით აღწერს ამ ამბავს: `ფოსტას უნდა გამოევლო ლორის-მელიქოვის (დღევანდელი გუდიაშვილის) ქუჩა, ერევნის მოედანი და მოსულიყო ფრეილინის (სულხან-საბა ორბელიანის) ქუჩაზე. ერევნის მოედანს თავდასხმისთვის ყველა მოხერხებულ პუნქტად ვთვლიდით, მიუხედავად იმისა, რომ იგი განსაკუთრებული გულმოდგინებით იყო დაცული. მოედანზე გამუდმებით იდგა რამდენიმე ბოქაული მათი თანაშემწეებით და დაბალი ჩინის პოლიციელებით. ქალაქის გამგეობის შენობის წინ იდგა შვიდი კაზაკი. ყოველი ქუჩის თავში იდგა თითო პოლიციელი და ორ-ორი კაზაკი. მოედანზედ და მახლობელ ქუჩებში დადიოდნენ კაზაკთა პატრულები. ტფილისში იმ დროს სამხედრო წესები იყო გამოცხადებული და არა თუ კაზაკები, უბრალო პოლიციელებიც კი შაშხანებით იყვნენ შეიარაღებული. ერევნის მოედნიდან ყველა ქუჩის გასასვლელში იდგა გარადავოი ორი პლასტუნით, შუა მოედანზე კი გარადავოი ბოქაულთან ერთად.
ფული მოჰქონდათ შემდეგი წესით: წინ მიდიოდა სამი ცხენოსანი კაზაკი, მათ მისდევდა ეტლი (ყველა ეტლი დაქირავებული იყო _ ი. მ.), რომელშიც ხუთი ჯარისკაცი იჯდა, შემდეგ ეტლი სავსე ტომრებით, სადაც იყვნენ ფოსტის მოლარე ვასილ კურდიუმოვი და ერთი ყარაული; ბოლოს მოდიოდა მესამე ეტლი ისევ ხუთი ჯარისკაცით. მოლარე კურდიუმოვს სულ მიჰქონდა 270 780 ათასი მანეთი და 25 კაპიკი (ანუ `საშუალო, ჩვეულებრივი ფულადი გზავნილი~. კურდიუმოვს ჯიბეში ჰქონდა 450 მანეთი, რომელიც გატაცებას გადაურჩა _ ი. მ.).
მსვლელობა მთავრდებოდა სამი ცხენოსანი კაზაკით. თვითეულ ეტლის გვერდით იქით-აქეთ მონავარდობდნენ აგრეთვე კაზაკები. ჩვენ ისე გვქონდა გამოანგარიშებული, რომ როდესაც წინ მომავალი კაზაკები შეუხვევდნენ სოლოლაკის ქუჩაზე, ფულიანი ეტლი დაახლოვებით კავკასიის ოლქის შტაბის შესასვლელთან უნდა ყოფილიყო. პუშკინის ბაღის ახლოს მუდამ უნდა მდგარიყო ამხ. ფაცია გალდავა. მას უნდა ენიშნებია კაზაკების მოახლოვება ბაღში მყოფ ამხ. სტეპკო ინწკირველისთვის, რომელსაც წინათ მიღებული ჭრილობის გამო არ შეეძლო უშუალოდ შეიარაღებული მონაწილეობა მიეღო საქმეში.
ამხ. ინწკირველს თავის მხრივ უნდა ეცნობებია შტაბის შენობის წინ მოსიარულე ამხ. ანეტა სულაქველიძესთვის. უკანასკნელი შეატყობინებდა ამხანაგებს, რომლებიც მახლობელ რესტორან `ტილიპუჭურში~ იმყოფებოდნენ (კუპრაშვილი, ჭაჭიაშვილი და ჭიაბრიშვილი მაგიდას უსხდნენ და ღვინოს სვამდნენ _ ი. მ., ლ. ხ.). ამის შემდეგ ამხ. ბაჭუა კუპრაშვილს გაშლილი გაზეთით ხელში უნდა შემოევლო მოედანი იმის ნიშნად, რომ ამხანაგებს დანიშნული ადგილი დაეკავებიათ.
დათიკო ჭიაბრიშვილი, არკადი ელბაქიძე, ვანო შიშმანოვი, ვანო კალანდაძე, ილიკო ჭაჭიაშვილი და ილიკო ებრალიძე უნდა დასცემოდენ კაზაკებს და ფოსტას. კაზაკების თვითოეულ ჯგუფისა და ეტლისთვის თითო კაცი იყო დანიშნული, ერთს ფული უნდა წაეღო. აკაკი დალაქიშვილი და თეოფილე კაკრიაშვილი უნდა დასხმოდენ თავს ქალაქის გამგეობის შენობის წინ მდგომ რაზმს. ელისო ლომინაძე და სერაფიონ ლომინაძე იდგენ ველიამინოვის ქუჩის ახლოს, კაზაკთა სადარაჯოს პირდაპირ, თავდამსხმელები ამ მიმართულებით უნდა გაქცეულიყვნენ. ამხ. კამოს ჰქონდა ნაკისრი ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო ამოცანა _ ფულის წაღება. ის ოფიცრის ფორმაში იყო გამოწყობილი, აფეთქების დროს ის ეტლით უნდა მივარდნილიყო განოვის ქუჩის (დღევანდელი გ. ტაბიძის ქუჩა) მხრიდან…~
თავდამსხმელებმა წინასწარ არჩეული ადგილები დაიკავეს. გამოჩდნენ კაზაკები. ყუმბარები ისე უნდა გადაესროლათ, რომ სხვადასხვა ადგილას ერთსა და იმავე დროს აფეთქებულიყო. წინა კაზაკებმა სოლოლაკისაკენ შეუხვიეს.
დათიკო ჭიაბრიშვილმა წინ წადგა ნაბიჯი, ეს იყო ნიშანი ოპერაციის დაწყებისა.
გაზეთ `ისრის~ მონაცემებით, ბომბები ესროლეს ორივე ეტლს, ისროლეს ასევე ქალაქის თვითმმართველობის სახლის კუთხეში, ქარვასლასთან და კიდევ ოთხი ბომბი სხვადასხვა ადგილას. მეეტლე ფედოროვის ჩვენებით: `როდესაც ლორის-მელიქოვის ქუჩას ავცდით, საკომერციო ბანკთან შევნიშნე ყმაწვილი, რომელიც ქვაფენილით მარჯვენა მხარეს ფეხდაფეხ მისდევდა ჩვენს ეტლებს. საურთიერთო კრედიტის საზოგადოების ზემოთ ყმაწვილი ჩემს ეტლს გაუთანასწორდა, შეჩერდა და ეტლისკენ რაღაც ბურთის მსგავსი ნივთი გადმოაგდო, რაც საშინელი ხმით აფეთქდა~. ამას მოჰყვა ზედიზედ შვიდი აფეთქება. ფედოროვი პირველი ყუმბარის აფეთქების დროს დაიჭრა, მაგრამ არ დაიბნეულა, დაფეთებული ცხენებისთვის თავი არ დაუნებებია და პუშკინის ქუჩით ლორის-მელიქოვის ქუჩისკენ გაქანდა. იქ, სისხლში მოთხვრილს, შემთხვევით შვილი შეხვედრია, რომელმაც საავადმყოფოში წაიყვანა. ფედოროვის თქმით, აფეთქების დროს მან ცოტა ხნით გონება დაკარგა, არ ახსოვდა, როგორ შემოხტნენ მის ეტლში და როგორ გაიტაცეს ფული. ვასილ კურდიუმოვი თავის ჩვენებებში წერდა, რომ სოლოლაკის ქუჩაზე (გ. ლეონიძის ქუჩა) შეხვევას რომ აპირებდნენ, წინ მიმავალ კაზაკს ბომბი ესროლეს, რომელიც შუა ქუჩაში გასკდა და კაზაკის ცხენი დაჭრა. ვინ და საიდან ისროლა ბომბი, მან ვერ შეამჩნია. აფეთქების ტალღამ ის ეტლიდან გადმოაგდო და ქვაფენილზე დაანარცხა. ამის შემდეგ კიდევ ორი აფეთქების ხმა გაისმა, რის გამოც მან გონება დაკარგა. აზრზე რომ მოვიდა, პირველი, რაც დაინახა, იყო დაჭრილი ცხენი, გაზეთების კიოსკთან მოკლული კაზაკი და ერთი დაჭრილი ქალაქის გამგეობასთან. მოედანი ცარიელი იყო და მხოლოდ გასროლის ხმები ისმოდა. ის ფეხზე წამოდგა და პუშკინის ქუჩის მიმართულებით გაიქცა, რათა ფულიან ეტლს გამოკიდებოდა, მაგრამ ის ვერსად შენიშნა.
მეორე მეეტლის, კურაგინის, ცხენები დაიჭრნენ, ეტლში მყოფი დაჭრილი მცველები ერივანსკის მოედანზე გადმოცვივდნენ, გაშმაგებული პირუტყვები კი შუა ბაზარში შეცვივდნენ (შუა, ანუ სომხის, ბაზარი იწყებოდა კოჯრის კართან და დღევანდელ ლესელიძის ქუჩის ხაზს გასდევდა. ის ლესელიძისა და ერეკლეს ქუჩების შესაყარზე მთავრდებოდა).
საოლქო სასამართლოს პროკურორის მოხსენება სასამართლო პალატის პროკურორს და იუსტიციის მინისტრს: `…ერევნის მოედანზე, სადაც მრავლად იყრის ხალხი თავს და დარაჯობს ყაზახთა პატრული, `კანვოის~… ესროლეს ორი ყუმბარა, რომელიც გასქდა დიდის სიძლიერით და დაიჭრენ ყაზახები, მოსამსახურე ჟილიაევი, ორივე ჯარისკაცი; …კურდიუმოვი და გოლოვნია ეტლიდან ჩამოვარდნენ. ამ დროს ქალაქის თვითმართველობის წინ მდგომი… ყაზახები შეეცადენ ცხენებზე შესხდომას და იქით წასვლას, სადაც ყუმბარები გავარდა, მაგრამ აქაც გადაგდებულ იქნა ორი ყუმბარა, რომლითაც დაიჭრა სამი ყაზახი. და ბოლოს, მოედნის ორ ალაგას კიდევ გადაგდებულ იქნა სამი თუ ოთხი ყუმბარა. აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, ისეთმა პანიკამ მოიცო მთელი მოედანი, რომ დამსწრეთაგან ვერავინ შესძლო იმის გამორკვევა, თუ რამდენი იყო თავდამსხმელი, ან საიდან გაისროლეს ყუმბარები, ან საით მიიმალენ ბოროტმომქმედნი. მაგრამ დამსწრეთა უმრავლესობის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ყუმბარები გადმოგდებულია ქალაქის თვითმართველობის მახლობლად მდებარე სახლების ფანჯრებიდან და სახურავებიდან, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ამ სახლებში მოხდენილ ჩხრეკას არავითარი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. მოედანზე მყოფმა გადარჩენილ სამხედრო პირსა და პოლიციელთაგან მხოლოდ ერთმა ჯარისკაცმა მოასწრო უშედეგო გასროლა, ვინაიდან ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოასწრო ბოროტმომქმედის დანახვა…~
ამ ამბის თვითმხილველი ქალბატონი მარიამ მესხიშვილი იხსენებდა, რომ საშინელი აფეთქების ტალღამ ფანჯრის შუშები ერთიანად ჩაამტვრია ფურცელაძის ქუჩის (ყოფილი ბარონსკაია, ლორის-მელიქოვის ქუჩის კუთხე) მხარეს. სუყველა იატაკზე ვიწექითო, _ ამბობდა ის. აფეთქებებისაგან ფანჯრები სულ ერთიანად ჩაილეწა თამამშევის ქარვასლაში, ახლომდებარე მაღაზიებსა და სახლებში, ქალაქის თვითმმართველობის შენობაში. ყუმბარების ნამსხვრევები ქალაქისთავის კაბინეტშიც კი აღმოაჩინეს. იმ დროს ქუჩებში უამრავი ხალხი ირეოდა და აფეთქებებმა სრული პანიკა გამოიწვია (`ექსის~ ზოგიერთი მონაწილე მოგვიანებით აღნიშნავდა, მოედანზე ცოტა ხალხი იყოო. ამით უნდოდათ დაერწმუნებინათ ყველანი, რომ ოპერაციამ უმსხვერპლოდ ჩაიარა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება). ბევრი დაჭრილი და შოკირებული ადამიანი გამგეობის დარბაზში შევარდა. გამგეობის შესავლელი და მისაღები დარაბაზის იატაკი სისხლით იყო მოთხვრილი. აი, რას წერდა კასრაძე: `…მთელ ქალაქს გააქვს ზანზარი. იმსხვერპლა ქარვასლის და მის გარშემო მაღაზიის შუშები. ხალხი გარბის უგზო-უკვლოდ, ბევრმა ნაწილმა ფოსტის კანტორას მიაშურა… წყდება მავთულები, აქა-იქ ცეცხლის ნაპერწკლები ღვივა. კანტორა (ფოსტის შენობა) აივსო ხალხით, არავის უშვებდენ, მაგრამ ხალხი ტირილით, გოდებით და ზოგი ძალით შემოდის. მთელი ერევნის მოედანი ცეცხლის ალშია გახვეული…~
ილიკო ჭაჭიაშვილმა, ილიკო ებრალიძემ და ვანო კალანდაძემ მოედანზე მდგარ პოლიციელებს შეუტიეს და მაუზერების გაძლიერებული ცეცხლით გააქციეს ისინი. ყველაფერი თითქოს გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ აქ მოხდა `იაღლიში~: ფულიანი ეტლი უვნებელი დარჩა. დამფრთხალი ცხენები მოედანზე სომხის ბაზრისკენ გაქანდნენ. ბაჭუა კუპრაშვილი არ დაიბნა და ეტლს მოედნის ბოლოში დაეწია. მან ცხენებს ყუმბარა ესროლა, მაგრამ აფეთქების ტალღამ თვით ბაჭუა ააგდო ჰაერში და ის გონებადაკარგული მიწაზე დაენარცხა. `ამხ. ჭიაბრიშვილმა, რომელიც აგრეთვე მისდევდა ეტლს, მოასწრო იმ წუთს, როდესაც ეტლი სქელ კვამლში იყო გახვეული, მან წაავლო ხელი ფულიან ტომარას და გავარდა ველიამინოვის ქუჩაზე.~ მოედანზე მათ შეხვდათ განოვის ქუჩიდან ეტლით მომავალი კამო და მარო ბოჭორიძე, რომელთაც დათიკო ჭიაბრიშვილმა ფულით სავსე ტომრები გადასცა. `კამო გამოწყობილი იყო ოფიცრის ტანისამოსში და მარო ბოჭორიძე კიდენ დიდი კნიაგინის ტანისამოსში დიდი შლაპით. ეს მეშოკი ფულით დადეს ეტლში მუხლების ქვეშ, ზემოდან მუხლებზე გადაიფარეს დიდი შალი მითომ თათრის მოედნამდის მიდიოდნენ აბანოში ამ ეტლით. ამ გზით ეს ფული უვნებლათ იქნა მიტანილი გონჩარის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდნენ ბაბე და მარო ბოჭორიძე~. ელისე ლომინაძე პოლიციას მასწავლებლის ფორმაში ჩაცმული გაუსხლტა ხელიდან: ძარცვის შემდეგ ის სასულიერო სემინარიაში შევარდა, სადაც მასწავლებელთა ყრილობა მიმდინარეობდა, საკიდიდან პალტო და ქუდი ჩამოხსნა, გადაიცვა, შენობიდან გამოვიდა და წყნარად გაუდგა გზას.
სხვადასხვა მონაცემებით, ძარცვის დროს მოკლული იყო სამი ადამიანი: კაზაკი, გოროდოვოი და ერთი უცნობი პირი. დაჭრილთა რიცხვი 20-დან 40 კაცამდე მერყეობდა. თუმცა თვითონ თავდამსხმელები აცხადებდნენ, რომ არავინ დაღუპულა.
იმავე დღეს მტკვარზე, ბორნის ახლოს, მუხრანის ქუჩაზე, თავად ბაგრატიონ-მუხრანსკის კუთვნილი სახლის პირველ სართულზე, მეჩექმე გიორგი კასრაძის სახელოსნოში ბომბი აფეთქდა. სახელოსნოში, სადაც `ტუზემცურ~ ფეხსაცმელს კერავდნენ, 9 კაცი მუშაობდა. ექვსი მათგანი საღამოს ექვს საათამდე წავიდა, ხოლო სამნი დარჩნენ. შვიდი საათის დასაწყისში კასრაძის შვიდი წლის ბიჭმა, როგორც ვარაუდობენ, ნაგავში ნახა ვიღაცის მიერ დაგდებული მრგვალი მეტალის ბურთი (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ბომბი იყო) და სახელოსნოში შეიტანა. იქ ბავშვს ბომბი შემთხვევით ხელიდან გაუვარდა და აფეთქდა. აფეთქების გამო თითქმის მთლიანად დაინგრა სახელოსნო, ხოლო სახლს ცეცხლი წაეკიდა. გამოძახებულ იქნა სახანძრო მანქანა. ნანგრევებიდან ამოიყვანეს დაჭრილი იოსებ ჯანიევი და სამი დანაწევრებულ-დასახიჩრებული გვამი, რომელთაგან ერთს თავი ჰქონდა მოწყვეტილი. მოკლულები იყვნენ სახელოსნოს მფლობელის ძმა, შვილი და შეგირდი. დაიჭრა კასრაძის მეუღლეც. საღამოს სახელოსნოში დაბრუნდა ნასვამი კასრაძე, რომელიც პოლიციამ მეუღლესთან ერთად დააპატიმრა. გამოძიებამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ბომბი თავიდან მოიშორეს ერივანსკის მოედანზე ძარცვის მონაწილეებმა, რომლებიც ბორნის საშუალებით გადავიდნენ მტკვრის მარცხენა მხარეს.
`ყუმბარის მოხმარება არ დამჭირდა, _ იხსენებდა ბაღდო, _ წამოველი მუხრანის ქუჩით და გადავედი პარომით ტკვრის მარცხენა მხარეს საიდანაც მიველი ბოჭორიშვილის ბინაზედ სადაც ფული იყო მიტანილი. ყუმბარა კიდევ პარომიდან ჩავაგდე ტკვარში…~ საფიქრებელია, რომ ბაღდო თავის მართლების მიზნით ტყუის და მან ბომბი მტკვარში კი არა, ნაგავში გადააგდო. აქედან გამომდინარე, ერივანსკის ექსპროპრიაციის მსხვერპლთა რიცხვმა, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ექვსს მიაღწია. თუმცა ხარიტონ შავიშვილს თუ დავუჯერებთ, ოპერაციის დროს თურმე 14 კაცი მომკვდარა და 50-ზე მეტი დაჭრილა.
`ექსის~ შემდეგ ამხანაგები მიხა ბოჭორიძის ბინაზე შეიკრიბენ. მათ მხოლოდ ბაჭუა კუპრაშვილი აკლდათ. ჭიაბრიშვილმა დაინახა, როგორ დაეცა აფეთქების შემდეგ ბაჭუა, მისი აზრით, ის მკვდარი უნდა ყოფილიყო. `კამო საშინლად ღელავდა. _ რა ეშმაკად გინდოდა ფული _ უკეთესი იყო ამხანაგისთვის გეშველა! როგორ დატოვე ის ასე დაუხმარებლად? _ უსაყვედურებდა კამო ჭიაბრიშვილს. მაგრამ სწორედ ამ დროს გამოჩნდა კარებში მრავალ ადგილას დაჭრილი ბაჭუა. კამომ აღარ იცოდა რა ექნა მეტისმეტი სიხარულისაგან _ ხომ ხედავ ბიჭო, ჩვენ სიკვდილიც ვერაფერს გვაკლებს! როგორც კატები, ყოველი სიმაღლიდან ვვარდებით და არ ვიღუპებით!~
კუპრაშვილი აღნიშნავდა, რომ ამ საქმეში ყველა სათანადო სიმაღლეზე იდგა, `გარდა სამი კაცისა (მათ გვარებს არ ასახელებს _ ი. მ.), რომელთაც სუსტი ნერვები აღმოაჩნდათ და საქმის დაწყებამდე დასტოვეს პოსტები~.
პოლიცია და ჯარი ფეხზე დადგა. ისინი მთელი დღე ეძებდნენ მძარცველებს. საღამოს ერთ-ერთ გოროდოვოის აცნობეს, რომ მსროლელთა პირველი ბატალიონის ყაზარმების უკან რამდენიმე საეჭვო პირია შეკრებილი და ისინი თითქოს რაღაცას იყოფენ. გოროდოვოი მაშინვე იქით გაეშურა. მის დანახვაზე უცნობები სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. დათვალიერების შემდეგ პოლიციელმა იპოვა ერთი ფიტილიანი ბომბი, ორი ტომარა ბეჭდით და წარწერებით: ერთზე _ `150 000 მანეთი~, მეორეზე კი _ `90 000 მანეთი~. `ბოლოს დანამდვილებით გავიგე ფულის ტილოები თავის ლუქებით მას (კამოს) მიეტანა ყაზარმასთან დაეყარა, ფული კი დანიშნულ ალაგას წაეღო…~ იმავე დღეს ერთ-ერთი მეეტლის სახლში, რომელსაც ფული გადაჰქონდა, აღმოაჩინეს 9 900 მანეთის საკრედიტო ბილეთები.
პოლიციამ უამრავი ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის სულით ავადმყოფი ქალი ადელინა მეჟებოვსკაია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბომბი მისი ნასროლია. ის მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს, თუმცა მისი გასინჯვისა და ოჯახის წევრთა დაკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ ქალი ჭკუიდან ყოფილა გადასული.
ქალაქში ჩხრეკა და დაპატიმრებები დიდხანს გაგრძელდა, `ექსიდან~ ერთ თვეში დაკავებულ ეჭვმიტანილთა საქმემ 185 ფურცელი შეადგინა. გატაცებული ფულის ადგილსამყოფელის ჩვენებისათვის პოლიციამ 25 ათასი მანეთი დააწესა. პეტერბურგიდან პოლიციის დეპარტამენტმა საქმის გამოსაძიებლად ორი მაღალჩინოსანიც კი გამოგზავნა.
კავკასიის ცენტრში თავხედური თავდასხმით აღშფოთებულმა მეფისნაცვალმა პოლიცმეისტერ ბალაბანსკის უბრძანა, 24 საათში აღმოეჩინა მძარცველები. ზოგიერთ ავტორს (ლ. შაუმიანი, ი. დუბინსკი-მუხაძე) მოყვანილი აქვს ცნობა, თითქოს კამოს, რომელსაც ეტლით ნაძარცვი ფული მიჰქონდა, მთავარმართებლის სასახლესთან ცხენზე ამხედრებული ბალაბანსკი შეხვდა და კამომ მას შესძახა _ ფული გადარჩენილია, გაეშურეთ მოედნისკენ! მსგავსი ეპიზოდი, რამდენადაც ვიცით, არც კამოს მთავარ ბიოგრაფს და მის მეგობარს, ბარონ ბიბინეიშვილს, არც `ექსის~ არც ერთ მონაწილეს საკუთარ მოგონებებში არა აქვს მოხსენიებული; თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე კი _ კამომ თავხედურად მოატყუა თბილისის პოლიცმეისტერი _ აუცილებლად იქნებოდა გაჟღერებული.
მიუხედავად უამრავი ეჭვმიტანილისა, ბალაბანსკიმ 24 საათში ნამდვილ მძარცველებს ვერ მიაკვლია. 19 ივლისს გენერალ-გუბერნატორთან მძიმე საუბრის შემდეგ პოლიცმეისტერი ინგუში სტრაჟნიკის თანხლებით კუკიის სასაფლაოზე ავიდა, `…იქ ორდენები მოუხსნია, მცველისთვის გადაუცია და უბრძანებია, ეტლთან დარჩენილიყო, თანაც დაუმატებია _ დედის საფლავზე სალოცავად მივდივარო. არ გასულა დიდი დრო, რომ მცველს რევოლვერის ხმა გაუგონია. თითონაც რევოლვერი ამოუღია და გაქანებულა იქით… როდესაც მცველი მისულა, დაუნახავს, რომ პოლიცმეისტერი, მარჯვენა ხელში რევოლვერით, ხოლო მარცხენა ხელით სასაფლაოს რკინის მოაჯირზე მიყრდნობილი, ძირს ეშვებოდა. რევოლვერი უსროლია საფეთქელში. ტყვიას ტვინში გაევლო და მეორე მხარეს გავარდნილიყო. პოლიცმეისტერი იქვე გარდაიცვალა~.
ნაძარცვი ფულის გადასატანად `დრუჟინას~ ჰქონდა ორი `კუშეტკა~ ორმაგი ძირით, რომლებიც მიხო ჩოდრიშვილის სახელოსნოში იყო დამზადებული. გატაცებული ფული მოათავსეს `კუშეტკებში~, მოიყვანეს ორი კურტნიანი მუშა, რომლებსაც აჰკიდეს ეს `კუშეტკები~, ზემოდან დაადეს ლოგინი… მუშებს `უწყინარ მეშჩანკის სახით~ მარო ბოჭორიძე გაჰყვა. მათ გაიარეს პოლიციის ცხვირწინ, რომელიც გატაცებული ფულის ძებნის გამო სრულიად დაბნეული იყო. ამ გზით მიიტანეს მიხაილოვის ქუჩაზე თბილისის ობსერვატორიაში, სადაც ქვემო სართულში ცხოვრობდა ამ ობსერვატორის ჩინოვნიკი, კამოს ახლო ნაცნობი გავალოვი. ბაღდო მეზურნოვის თქმით, გატაცებული ფულის ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცოდა: კამომ, მარო ბოჭორიძემ, ჭიაბრიშვილმა და ბაღდომ.
ფული ამ ბინაზე თითქმის შემოდგომამდე ინახებოდა. `…ვიყიდეთ ორი ტიკჭორა გადმოვაბრუნეთ რო კუპრიანი მხარე ზემოთ ყოფილიყო და გადავკერეთ ოთხათ. ფული კიდევ შევკარით ოთხ ნაწილათ ყველა თითო ნაწილი შევფუთეთ ამ გაკუპრული ტიკჭორების ტყავში ისე რომ სუფთა მხარე მოვაქციეთ შიგნით…~ ეს ნაწილები გადაკერეს, რათა შიგნით სისველე არ შესულიყო. შემდეგ გააკეთებინეს ორი ახალი კასრი, ჩააწყვეს შიგ ფული და ზევიდან წითელი ღვინო დაასხეს. დაალაგეს ეს კასრები ჩქარ მატარებელზე `დანიშნულებით გელსინგფორმდის. `ამის შემდეგ ამხ. კამომ შეაკერინა თავისთვინ სამხედრო ოფიცრის ტანისამოსი და… განათლებული კნიაზის გვარით გაემგზავრა ფინლანდიაში~.
მიუხედავად წარმატებული ექსპროპრიაციისა, პარტიამ ეს ფული მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენა, რადგან 500-მანეთიანი ბანკნოტების ნომრები უკვე მსოფლიოს ყველა ბანკში იყო გადაგზავნილი და ფულის გადახურდავების დროს ევროპის სხვადასხვა ქალაქში პარტიის ბევრი აქტივისტი დაიჭირეს. 1909 წელს მენშევიკების მოთხოვნით გადაწყვიტეს, დარჩენილი ფული გაენადგურებინათ. `ბოლშევიკური ჯგუფის ამ “ყველაზე ბრწყინვალე აქტმა” დიდი გამოხმაურება პოვა მთელ მსოფლიოში. მთელი ევროპა ერივანსკის მოედნის ექსპროპრიაციაზე ალაპარაკდა. წყნარ და ნეიტრალურ ჟენევაშიც კი 500-მანეთიანი ბანკნოტები და შიშის მომგვრელი კავკასიელი `ექსისტები~ საუბრის მთავარი თემა იყო. საინტერესოა, რომ ამ ოპერაციას თავისი განხორციელებით და დრამატიზმით სრულყოფილების შედევრს უწოდებს ხარიტონ შავიშვილი. ის დაუფარავი აღტაცებით ჰყვება მის შესახებ. ერივანსკის `ექსი~, შავიშვილის განცხადებით, გაცილებით სრულყოფილი იყო, ვიდრე პილსუდსკის (პოლონეთის მომავალი პრეზიდენტი _ ი. მ.) 1908 წლის 27 სექტემბრის აქტი, როცა პილსუდსკიმ და მისმა ბანდამ ვარშავიდან მოსკოვში მიმავალი რუსული სამხედრო მატარებელი გაძარცვა.