საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენა მიუღებელია და მინდა, ყველას მოვუწოდო მშვიდობისკენ, დაწყნარებისკენ, დაპირისპირება არაფრის მომცემი არ არის, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი ყველა საარჩევნო შეხვედრა ტარდება მცირე აქციების ფონზე, რომელსაც მედია დიდ ყურადღებას უთმობს.
„რეგიონულ შეხვედრებში ყველგან აქციაზე 4-5 კაცი იყო, მედიაში მიდის სიუჟეტები, რომ ძალიან დიდი საპროტესტო აქციები იმართება. მახინჯდება ის შეხვედრები, რომელიც სრულიად მშვიდობიანად ტარდება. ამას ემატება ზოგი მნიშვნელოვანი ადამიანის განცხადება, როგორიც არის მაგალითად „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
მისი პირველი განცხადება ჩემი მხარდამჭერების მუქარა იყო. დაემუქრა, რომ დაგიმახსოვრებთ და გაგრიყავთ საზოგადოებისგანო. ამას მოყვა 9 ოქტომბერს „ტვ პირველზე“ გამოსვლა, სადაც კიდევ ერთხელ გვემუქრებიან, კვერცხით, პომიდვრით და ა.შ. ეს არის მოწოდება. ამ დროს იგივე „ტვ პირველის“ გამოსვლის შემდეგ, სადაც ერთ-ერთი ჩემი მხარდამჭერი მაია ცაბოშვილი გამოდიოდა, შემდეგ „ტვ პირველის“ ვებგვერდზე ადამიანი გამოდის და ამბობს – ამას ახლა ხომ უნდა გამოჭრა მოღალატე ყელი და უყურო როგორ ჩაძაღლდება. ეს არის შედეგი სიძულვილის ენის, რომელიც არის გავრცელებული და რომელიც მიუღებელია”, – განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, სიძულვილის ენა მიუღებელია საარჩევნო პერიდოში ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც თავის თავს ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნად მიიჩნევს.
„მე მინდოდა ამ ანგარიშის ჩაბარება. მინდა გაფრთხილება ყველასი, ასეთი მუქარები არავინ არ იცის რითი მთავრდება და რა მოჰყვება. ეს არის გარემოს შექმნა, რომელიც არის დპირისპირების გარემო. მინდა, ყველას მოვუწოდო მშვიდობისკენ, დაწყარებისკენ, დაპირპისრება არაფრის მომცემი არ არის. არჩევნები ჩავატაროთ და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს. ამის პასუხი მე მაქვს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.