ოზურგეთი-ბათუმის მიმართულებით, სასაკლაოდ წოდებული გზის რეაბილიტაცია დაიწყო
15 ოქტომბერს დაიწყო ოზურგეთი-ბათუმის მიმართულებით, მთლიანად ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია, რომელიც 1957 წლის შემდეგ, როგორც „გზამშენი-18“-ის დირექტორი თემურ ჯახვა ამბობს, კაპიტალურად არ გაკეთებულა და მხოლოდ ერთხელ მოხდა ასფალტის ზემოდან გადაგება.
„საცობში საათობით დგომა, საავარიო სიტუაციები, ორმოებითა და გადათხრილი მონაკვეთებით სავსე გზა, მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, როგორც ნერვების, ისე ეკონომიკის დამაზიანებელია”, _ ამბობენ ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება.
ორ დღეში უკვე აიღეს ნაფლეთებად ქცეული ასფალტის საფარი, რომელსაც სპეციალური ტექნიკა ადგილზევე ახდენს.
აღნიშნული გზა საჯავახო-ქობულეთის სტატუსის მქონეა და მას შპს „New Roald“-ი ახორციელებს. პროექტი ცხრათვიანია და როგორც მშენებლები ამბობენ, თუ ამინდი შეუწყობს ხელს, შესაძლოა, უფრო ადრე დასრულდეს.
_ ამას რაკი ვეღირსეთ… რამდენი წელია ამ გზაზე კისერს ვიტეხთ და გავლა გვეშინოდა. აქვე, ქაქუთში მოხუცი დეიდა მყავს და მის სანახავად ვერ მოვდიოდი, რადგან მანქანა სულ დაზიანებული იყო აქ გავლის შემდეგ. ახლა ყველა გახარებულია და მადლობა ღმერთს, რომ ბოლოს და ბოლოს, საშველი დაადგა და გზა კეთდება, _ გვეუბნება ბათუმიდან მომავალი თამაზ კვირკველია.