მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ურთიერთპატივისცემის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და დღემდე გრძელდება.
„მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით. ურთიერთპატივისცემის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და დღემდე გრძელდება. ისრაელში საქართველო ნახსენებია ერთადერთ ქვეყანად, სადაც ებრაელები იყვნენ მიღებულნი და მეტიც, აქ ისინი თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სამშობლოში. დღეს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში ვიმყოფები, მართალია ჩემს წინასაარჩევნო მარათონს აქ არ ვასრულებ, მაგრამ მინდა, შევაჯამო პრიორიტეტები, რაც სამომავლოდ დავსახე. მცხეთას არამხოლოდ წარსულში ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, არამედ მომავალშიც ასე იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს მსოფლიოში.
„ჩვენ, ადგილი უნდა დავიმკვიდროთ მსოფლიოში. ეს არის პრეზიდენტის როლი, რომელიც მის წარმომადგენლობით ფუნქციას ეხება, მათ შორის სხვადასხვა მოლაპარაკებებში ჩართვა. გარკვეული ნაწილი არის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია, სადაც არ შეიძლება პრეზიდენტი ჩაერიოს და მასთან კონკურენციაში იყოს. თუმცა, სხვა ძალიან ბევრი სახის გზა არსებობს, არაფორმალური მოლაპარაკებები კონტაქტების გამოყენება, კერძო სექტორთან ურთიერთობა და ა. შ. ეს ყველაფერი არის ძალიან საჭირო ამ ქვეყნისთვის. ჩვენი პოტენციალის ძალიან მცირე ნაწილი გვაქვს გამოყენებული და მე თქვენთან ერთად შემიძლია გამოვიყენო დარჩენილი პოტენციალი. თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი დიასპორა არის ძალიან ცნობილი, ჩვენი ადგილობრივ მოსახლეობას აქვს თავიანთი კონტაქტები ექსპორტით და ინვესტიციებით. ყველა ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ზოგადად ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, სწორედ ამას ჰქვია ქვეყნის იდეოლოგია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთად ვაშენებთ 21-ე საუკუნის საქართველოს. ის ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, ეკუთვნის წარსულს. ჩვენი ერთადერთი გზა არის, რომ სხვადასხვა მოსაზრებებით და შეხედულებებით, მაგრამ ერთად ავაშენოთ მომავალი. ამისთვის მოვდივარ მე, ერთად საქართველოსთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.