“ავადაა, ყანა აქვს მოსატეხი, პატარა ბავშვი ყავს დატოვებული, სამსახურში გადაირბინა, ამ წუთში გავიდნენ,” _ ძირითადად ასეთ პასუხს გვცემდნენ ჩოხატაურის საუბნო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც მონიტორინგისას უბნებზე დაგვხდნენ კითხვაზე, თუ რატომ არ იყო კომისია სრულად.
თუმცა დაგხვდა განსხავებული სიტუაციებიც. მაგალითად #4 საუბნო საარჩევნო კომისიის ოთახი (სოფელი ამაღლება) მიტოვებული იყო. კომისიის ორი წევრი მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა, რაც უბანზე შესულები დაგვინახა. კითხვაზე _ სად იყო კომისიის დანარჩენი 10 წევრი, როცა მათ ყოფნას კანონი ითვალისწინებდა ვერაფერი გვიპასუხეს.
2 წევრი დაგხვდა #15 საუბნო საარჩევნო კომისიაში (სოფელი ზომლეთი) _ ერთი “ნაციონალური მოძრაობიდან”, მეორე კი “ევროპული საქართველოდან”. ადგილზე არც კომისიის თავმჯდომარე იყო, არც მისი მოადგილე და არც მდივანი. დამხვდურებმა ვერ გვიპასუხეს კითხვაზე სად იყვნენ კომისიის სხვა წევრები და მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ შემოდგომაა და სახლში ბევრი სამუშაო აქვთ.
აღსანიშნავია, რომ #15 საუბნო საარჩევნო კომისიაში ყოფნის დროს იქ ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, გოჩა ცინცაძეც მოვიდა, თუმცა, კითხვაზე _ რატომ არ იყვნენ საარჩევნო უბანზე პასუხიმგებელი პირები პასუხი არ გაგვცა და შენობა დატოვა.
საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვხვდა #33 საუბნო საარჩევნო კომისია (სოფელი ჯვარცხმა).
#28 საუბნო საარჩევნო კომისიაში (სოფელი ქვენობანი) მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა. სამი ადამიანი იყო #30 საუბნო საარჩევნო კომისიაში (სოფელი ბუკნარი).
4 ადამიანი იმყოფებოდა #8 საუბნო საარჩევნო კომისიაში (სოფელი გუთური). მეხუთე წევრი კი მოგვიანებით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ზარის შემდეგ შემოგვიერთდა:
_ აგერ იყო, გვერდით, ტრაქტორს აკეთებად, _ განმარტება გააკეთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ.
ყველაზე მეტი _ 6 წევრი #5 საუბნო საარჩევნო კომისიაში (სოფელი სამება) დაგვხვდა.
აღსანიშნავია, რომ #31, #5 და # 28 საუბნო საარჩევნო კომისიებში, კედელზე გადასატანი ყუთის სიასთან ერთად, ამომრჩევლების პირადი ნომრებიც ეწერა. როგორც კომისიის წევრებმა გვითხრეს, ამომრჩევლების პირადი მონაცემების გასაჯაროების მითითება მათ ოლქიდან მიიღეს.