მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ ხდება.
სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან, რომელშიც აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარის ბრალეულობაზეა საუბარი, ციტატები რუსეთმა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელში გამოიყენა.
რუსულ სარჩელში ზურაბიშვილის ციტატების გამოყენება არ გაჰკვირვებია პოლიტიკის ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს.
ამასთან, როგორც ექსპერტი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნო კამპანია ხმის ამოურებლად რომ ჩაეტარებინა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებდა.
_ ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ ზურაბიშვილის ციტატებს რუსეთი საკუთარ სარჩელში გამოიყენებდა, თუმცა რუსეთს ზურაბიშვილი რომ საპრეზიდენტო კანდიდატია, დღეს არ გახსენებია.
რუსეთმა მშვენივრად იცის, რომ ზურაბიშვილის მიმართ განწყობა საქართველოში უარყოფითი იქნება და რუსეთი იმით არის დაინტერესებული, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ გახდეს?!
ზურაბიშვილი ხავსს ეჭიდება. როცა საუბარია, ვინ დაიწყო ომი, ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა ჯარი და არ ვიცი, კიდევ რა კითხვის ნიშნები შეიძლება არსებობდეს.
სალომე ზურაბიშვილმა, როცა თავისი კანდიდატურა წამოაყენა, საერთოდ რომ არ ჩაეტარებინა წინასაარჩევნო კამპანია და ხმა რომ არ ამოეღო, რა თქმა უნდა, პირველივე ტურში გახდებოდა პრეზიდენტი“, _ აღნიშნა ძაბირაძემ.
რუსეთის სარჩელში თავისი ფრაზების გამოყენებას არაფრად აგდებს ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
როგორც კანდიდატი აცხადებს, პარტიის წარმომადგენლებს, მასზე ლაპარაკის გარდა, სხვა საქმე არ აქვთ.
_ სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ. ერთ-ერთი მთავარი პარტიის წარმომადგენელს სხვა საქმე არ აქვს თუ არა ჩემზე ლაპარაკი. როგორც ჩანს, მე ვარ კამპანიის თემა. მე მგონი, საზოგადოება ელოდება იმას, რომ გაიგოს, ამ არჩევნებში რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი რას ჰპირდება მომავლისთვის. მე ამას ვეტყვი ამომრჩეველს, ვეუბნები და მგონია, დრო არის, რომ სხვებმაც გასცენ პასუხი ამ მთავარ კითხვაზე, რისთვის მოდიან, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატები“, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.
რუსეთის სარჩელში სალომე ზურაბიშვილის ციტატების გამოყენების შესახებ ინფორმაცია ,,ევროპული საქართვლოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დღეს გაავრცელა და ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გაასაჯაროვა.