შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დღეს ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც ზაზა სარალიძე პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ისინი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ, დღეს კი პოლიცია იძულებული გახდა, რომ ემოქმედა. პოლიცია მთელი ამ თვეების განმავლობაში უბრალოდ იდგა და ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. დღეს პრაქტიკულად პოლიცია იძულებული გახდა, ემოქმედა, რადგან ეს იყო უკვე აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის, თავდასხმის ფაქტი. ზაზა სარალიძემ პოლიციას ფაქტობრივად სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა დაკავებისა. ზაზა სარალიძე დაკავებულია 353 პრიმა მუხლით, რაც პოლიციაზე თავდასხმას გულისხმობს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შსს-ს ცნობითვე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ზაზა სარალიძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოდან”, დავით ბაქრაძემ დღეს, 26 ოქტომბერს, პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სარალიძე ხელისუფლების სისტემური უსამართლობის მსხვერპლია.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უკვე რამდენიმე კვირაა პარლამენტის შენობასთან პროტესტს მართავს. მან აქამდეც რამდენჯერმე რუსთაველზე კარვის გაშლაც სცადა, თუმცა ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
რამდენიმე წუთში პარლამენტთან სარალიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.