ალბათ, გახსოვთ თავის დროზე გახმაურებული სერიალი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“. ამ სურათის მთავარი გმირი შტირლიცია. რუსი მზვერავის როლი მსახიობმა ვიაჩესლავ ტიხონოვმა ითამაშა. გაგიკვირდებათ და შტირლიცის სახე თურმე ქართველ მსახიობს არჩილ გომიაშვილს უნდა განესახიერებინა. კინომცოდნე ქეთი ჯანელიძე იგონებდა.
„როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა ყვება, მას რომანი ჰქონდა მსახიობ არჩილ გომიაშვილთან. უნდოდა, მთავარ როლზე მისი დამტკიცება, თუმცა მთავრობამ არ მისცა უფლება, საბჭოთა მზვერავის როლი ქართველ მსახიობს ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა როლზე მსახიობები რეჟისორმა პირდაპირ დაამტკიცა, შტირლიცის როლზე ბევრი კანდიდატის სინჯების გადაღება მოუწიათ.
ერთ-ერთ ვარიანტად ინოკენტი სმოკტუნოვსკისაც განიხილავდნენ. სწორედ ეს უარი გახდა მიზეზი ლიოზნოვას და გომიაშვილის რომანის დასასრულისა. ამას დაემთხვა ისიც, რომ იმ პერიოდში გომიაშვილი ოსტაპ ბენდერის როლზეც დაამტკიცეს.
არჩილ გომიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა, რომ შტირლიცის როლი იულიან სემიონოვმა ჩემთვის დაწერა და ტატიანა (ტატიანა ლიოზნოვა-რეჟისორი), იულიანი და მე ხშირად განვიხილავდით სცენარს. შემდეგ ტიხონოვი „ცეკაში“ წავიდა და განაცხადა, რუსი მზვერავის როლი ქართველმა რატომ უნდა ითამაშოსო. აქ ტატიანა შეშინდა, ვერ დაიცვა თავისი პოზიცია და დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას. მე გაბრაზებულმა დავტოვე ყველაფერი და მერე დიდხანს მეხვეწებოდნენ მიულერის როლი მაინც შეასრულეო…“
არავინ იცის, ვინ არის მართალი ამ ისტორიაში. ფაქტი კი ერთია, რომ შტირლიცი ზეპოპულარული კინოგმირი გახდა.