საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ამ დრომდე გამოვლინდა.
„საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ, ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება ეგზიტპოლი, როგორც “ქართული ოცნების,” ისე “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ, აღნიშნული უბანზე, “ნაციონალური მოძრაობის” კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელს უშლიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეგზიტპოლიც ჩატარებაში. კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა ასევე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ, უგულებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და დღევანდელი დღე, უკვე 12:00 (ღამის) საათიდან დაუთმო ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ დამკვირვებლებს მოუწოდა, ყველა დარღვევა სათანადოდ ასახონ ანგარიშებში. მანა ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდა, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად. ასევე, მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღონ შესაბამისი ზომები, შესაძლო პროვოკაციების და ინციდენტების აღკვეთისთვის.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე,“ – აღნიშნა მდინარაძემ.