ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი აგიტაციები ღიად მიმდინარეობს.
ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრით და “ქართული ოცნების” ლოგოიან ჟილეტებში ჩაცმული ადამიანები უბნების შესასვლელებთან დგანან და ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ ხმა ღირსეულ კანდიდატს მისცენ.
ჩვენ დავაფიქსირეთ მომენტი, როცა ამომრჩეველს პირდაპირ მიუთითეს, რომ ხმა ზურაბიშვილს მისცეს.
_ ჩვენ მხოლოდ ჩვენს განწყობას ვაფიქსირებთ. კანონს არ ვარღვევთ, _ გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ზურაბიშვილის პროპაგანდას ეწეოდა.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ატრიბუტიკის გამოყენება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონის დარღვევას არ წარმოადგენს და ის მხოლოდ უბნის შიგნით არის აკრძალული. თუმცა, როგორც იურისტები ამბობენ, ეს კანონის ხარვეზია და მნიშვნელობა არ აქვს, პროპაგანდა უბანში თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც პროპაგანდაა.