ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელშიც სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ ნაფეტვრების დასახლებაში მდებარე სამსართულიანი სახლი დეპუტატის საკუთრებაა.
ჟორჟოლიანი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულზე დავას სასამართლოში წამოიწყებს.
_ საზოგადოება გაიგებს სიმართლეს სასამართლოში, მე მაგათ ვუჩივლებ. მეტი კომენტარი ამას არ სჭირდება.
მაგათთვის სიტყვის თავისუფლება არის სიცრუის თავისუფლება და სინდისის თავისუფლება არის უსინდისობის თავისუფლება და ასე შემდეგ.
ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა „რუსთავი 2“, ეს არ არის ტელევიზია, ეს არის პარტიის ერთ-ერთ მთავარი ორგანო.
_ როდის აპირებთ ტელეკომპანიას უჩივლოთ?
_ უახლოეს მომავალში, დღეს არჩევნებია და არ მინდა, ჩემი საკითხი არჩევნებს თავს მოვახვიო.
არჩევნები უნდა დასრულდეს ისე, რომ ეს ხალხი, რომლებსაც ქვეყნისა და ხალხის გარდა ყველაფერი აინტერესებთ, ჩამოშორდეს პოლიტიკურ ასპარეზს.
ეს ქვეყნის ღირსების შეურაცხყოფაა, ჩემი შეურაცხყოფა კი არ არის. ასეთი რამე შეიძლება?! ამას არ აკეთებდა საბჭოთა ტელევიზია, სერიოზული ლაპარაკი ამაზე შეიძლება?! მაგათი დაქირავებული ენჯეოები ამას ვერ ამჩნევენ?!
ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, „რუსთავი 2“-სგან ისწავლეთ ესა?! ეს არის არაეთიკური საქციელი, თქვენ არ გინდათ სამართლებრივი დევნა ჰქონდეთ? თუ გგონიათ, რომ ამ სახლების ჩვენებით რაღაცა ხდება? ამ ქვეყანას მშველელი რომ სჭირდება, ვერ ხვდებით?!“,_განაცხადა დეპუტატმა.
გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის აპარტამენტები აჩვენა, მათ შორის, არხის ინფორმაციით, ნაფეტვრების დასახლებაში მდებარე სამსართულიანი სახლი გია ჟორჟოლიანი საკუთრებაა, რაც დეპუტატის დეკლარაციით არ დასტურდება.