„ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები მჭიდრო საპრეზიდენტო რბოლაში“_ამ სათაურით THE AL JAZEERA საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.
გამოკითხვების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს გაპრეზიდენტების თითქმის თანაბარი შანსი აქვს.
მაუწყებლის ცნობით, არჩევნები განიხილება როგორც გადამწყვეტი გამოცდა არაპოპულარული „ქართული ოცნებისთვის“ და არის ბოლო არჩევნები, როდესაც ხალხი პრეზიდენტს ირჩევს.
საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და 20 საათზე დაიკეტება. მოგვიანებით კი სავარაუდოდ გახდება ცნობილი, ჩატარდება თუ არა მეორე ტური.
პარიზიდან თბილისში
გამარჯვების შემთხვევაში ზურაბიშვილი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი, იქნება პირველი ქალი ლიდერი, არა მხლოდ საქართველოში, არამედ ბალტიისპირეთის მიღმა მყოფ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში .
ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ზურაბიშვილი საფრანგეთის ელჩად მუშაობდა საქართველოში, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩასართავად მოიწვევდა. მას სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, თუმცა, თანამდებობის დატოვება 1 წელში მოუხდა.
ის კენჭს იყრის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს.
სალომე ზურაბიშვილი გარკვეულწილად საკამათო ფიგურაა. გააკრიტიკეს 2008 წელს რუსეთთან ომში საქართველოს დადანაშაულებისთვის და უმცირესობების მიმართ აშკარა ქსენოფიბიური შენიშვნებისთვის.
ის ქართულად აქცენტით საუბრობს და კრიტიკოსები ხშირად დასცინიან.
2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორმაგი მოქალაქეობის გამო ვერ შეძლო, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი.
წინაასარჩევნო კამპანიის დროს ზურაბიშვილმა სააკაშვილის პარტია ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო გააკრიტიკა.
სააკაშვილის კანდიდატი
ზურაბიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე, გრიგოლ ვაშაძე 11 ოპოზიციური პარტიის პლატფორმის სახელით იყრის კენჭს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა სააკაშვილის მეთაურობით. ზურაბიშვილის მსგავსად, მასაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.
მისი მეუღლე მსოფლიოში ცნობილი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილია.
ვაშაძის კანდიდატურა გაძლიერდა ხელისუფლების მიმართ მზარდი უკმაყოფილების გამო, რომ მათ ვერ შეძლეს სიღარიბის დაძლევა და კამპანიის დროს ვაშაძე ხშირად გმობდა ხელისუფლებას და პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში.
ის ასევე აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის არაფორმალურ ოლიგარქიულ წესს. ივანიშვილი მილიარდერი, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი და ქვეყნის უმდიდრესი კაცია, რომელმაც ხელისუფლება 2013 წელს, ერთწლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა, თუმცა, მიიჩნევა, რომ სცენის უკნიდან მართავს ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონს შეადგენს, რომლიდანაც 3.5 მილიონ ადამიანს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს.
მიმავალმა პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა მეორე ვადით კენჭისყრაზე, განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული შეზღუდული უფლებებით.
მაუწყებლის ცნობით, ორივე კანდიდატმა კამპანიის დროს მსგავსი დაპირებები გააკეთა ევროკავშირსა და ნატოში სრული გაწევრიანების შესახებ, რაც შავი ზღვის პატარა ერის ამბიციაა, რომელიც არის ძირითადი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებუილი შტატების ალიანსის კავკასიის რეგიონში.
კვირას ჩატარებული არჩევნები ითვლება 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების და გადამწყვეტ პრელუდიად.