დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი რომან კაკულია ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვანი ანალიზი სჭირდება.
რომან კაკულიას განცხადებით, ქართული ოცნებისთვის ყველაფერი ჯერ დაკარგული არ არის და შესაძლებელია “ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდეს.
„ცნობილი გამონათქვამი „რაც მოგივა, დავითაო…“, ჩემი აზრით, ყველაზე აქტუალური ახლა ჩვენი გუნდისთვის არის. თუ ამას გავაცნობიერებთ, არაფერი დაკარგული არ არის, ყველაფერი თავის ადგილზე შეიძლება დაბრუნდეს. საქმე ისაა, რომ შედეგები ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი შურისძიება „ქართული ოცნების“ მიმართ იმ ამომრჩევლების მხრიდან, რომლებიც მისივე ამომრჩევლები იყვნენ და 2012 წლის შემდეგ გარკვეული ტიპის იმედგაცრუება განიცადეს. ჩემი აზრით, ეს შედეგი განაპირობა მათი აქტივობის ნაკლებობამ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების რაღაც მნიშვნელოვანმა მატებამ. ეს არის ძირითადი მიზეზი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. მე ვფიქრობ, რომ „შემოლაწუნება“ ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა. მთავარია, რომ ახლა დავსხდეთ და მომხდარის სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ. ჩვენს გუნდში ეს პროცესი დაწყებულია, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაც ამ პროცესის დაწყებას უკავშირდება. ის რაც მოხდა, ჩემთვის პოზიტივია. ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა ნიშნავს მაქსიმალურ ადეკვატურობას. მეორე ტურამდე ჩვენ უნდა შევეცადოთ, მაქსიმალურად გულახდილათ ავხსნათ ყველა იმ წარუმატებელი ნაბიჯის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები“, – განაცხადა კაკულიამ.
კაკულია დასძენს, რომ მმართველ გუნდს გარკვეულ მომენტში “ადეკვატურობის აღქმა” გაეპარა და “საზოგადოებას სათანადოდ ვერ უხსნიდნენ ობიექტურ მიზეზებს”.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც კახა კალაძემ განაცხადა, მმართველ გუნდს ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეჰმატა.
ცესკომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 38.63%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 37.74% აქვს.
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ.
წყრო: “პალიტრანიუსი”