რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში იუსტიციის სამინისტროს, ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა ბავშვზე მორგებული ოთახი გახსნეს.
ბავშვზე მორგებული გარემო, ვიწრო გაგებით, გულისხმობს ისეთი ფიზიკური გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთან დაკითხვის ჩატარებას მისთვის მისაღებ, მეგობრულ გარემოში. ამ პროცესში ასევე გამოიყენება ბავშვზე მორგებული პროცედურები და სათანადო მეთოდები.
როგორც საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი ამბობს, მნიშვნელოვანია, მსგავსი ოთახები საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც გაიხსნას.
“მნიშვნელოვანია მსგავსი სივრცეები შეიქმნას სხვა ქალაქებსა და რაიონებში, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომელსაც კანონთან კონფლიქტი ექნება, რომ ჰქონდეს მასზე მორგებული გარემო და შეეძლოს თავისი უფლებების სრულად დაცვა”,_ამბობს ხალილი.
ცნობისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმები ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2010 წლიდან ხორციელდება.