ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა, რაც წინა წლების რეიტინგების შედეგებთან შედარებით, საქართველოსთვის ისტორიული შედეგია. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის- “Doing Business 2019” მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით, საქართველო კვლავ დაწინაურდა და მე-4 ადგილიდან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. უძრავი ქონების რეგისტრაციის კომპონენტში კი, ქვეყანა სტაბილურად ინარჩუნებს მეოთხე ადგილს, ისეთი ქვეყნების წინ, როგორც არის შვედეთი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია და სხვა.
ბიზნესის დაწყების სიმარტივის ინდიკატორში საქართველოს მაქსიმალური 100 ქულიდან 99.34 ქულა მიენიჭა. რეიტინგში დაწინაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ იუსტიციის სახლის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებმა, რომლის შედეგადაც რეგისტრაციის პროცედურები უფრო მეტად გამარტივდა და მოიცვა ყველა ის სხვა პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის რეგისტრაციასთან. მათ შორის მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დანერგა სიახლე, რომლის თანახმადაც ბიზნესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად, იმავე განცხადებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მოითხოვონ და დარეგისტრირდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად შემოსავლების სამსახურში დამატებითი ვიზიტის გარეშე. დღეს უკვე, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ 1 პროცედურა და ჩვენი ქვეყნის ანალოგიურად, მსოფლიოში მხოლოდ ახალ ზელანდიაშია შესაძლებელი ერთი პროცედურით ბიზნესის დარეგისტრირება. ბიზნესისთვის დღგ-ს გადასახადის ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შესაძლებლობის მიცემამ საქართველო გასულ წელთან შედარებით ყველაზე მეტად დაუახლოვა იმ საუკეთესო მაჩვენებელს, რაც არსებობს ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო რეგულაციების შესრულების მიმართულებით. მანამდე საჭირო იყო მეწარმეთა რამდენიმე ვიზიტი შემოსავლების სამსახურში, რათა კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ ისინი დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირებულიყვნენ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და იუსტიციის სახლმა ასევე გააფართოვა არსებული „ერთფანჯრიანი” მიდგომა (one-stop shop) ბიზნესებისთვის, რაც გულისხმობს მეწარმეების მიერ კომპანიის საქმიანობის დაწყებას ერთი პროცედურის მეშვეობით. აღნიშნული მაჩვენებელი აისახა რეგისტრაციის შემდგომი პროცედურების გაუმჯობესებაში, რაც ბიზნესის დაწყების სიმარტივეს გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე 2017 წლის მონაცემი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 4 პუნქტით გააუმჯობესა და მერვედან მეოთხე ადგილზე დაწინაურდა გასულ წელს.
საქართველოში ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
მსოფლიო რეიტინგში, ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობას, რეგისტრაციისათვის საჭირო დროს, ხარჯებს და მინიმალურ საწესდებო კაპიტალს მოიცავს.
საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი; რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.
” Doing Business” მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესგარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს.