ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე „გურია ნიუსი“ ეკონომიკის ექსპერტს ლია ელიავას ესაუბრა.
_ ქალბატონო ლია, ქვეყანა ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მხრივ დიდი გამოწვევის წინაშე დგას. პროდუქტებზე გაზრდილია ფასები და ლარის კურსის გაუფასურებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნულს, პრობლემად არ აღიქვამენ მთავრობაში და მეტიც, მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური პროცესები ვითარდება. რაშია პრობლემა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, რომელიც სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვერ ახორციელებს თუ ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები საზოგადოების წარმოსახვის ნაწილია?
_მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკა არ გააჩნია. მთავრობის წევრების ქმედებებით ჩანს, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა იყო მოგების გადასახადის რეფორმის, ე.წ ესტონური მოდელის შემოღება, რომელმაც საბიუჯეტო კრიზისი გამოიწვია. აგრეთვე, აღსანიშნავია, ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელმაც საბანკო სექტორში ოლიგოპოლიების წარმოქმნა გამოიწვია.
ქვეყანაში არსებობს არასწორი ფინანსური პოლიტიკა. ვგულისხმობ, ფულის მასის ძალიან დაბალ მოცულობას, რომელიც ეკონომიკას ვერ ამუშავებს. სავალუტო კონტროლი საერთოდ არ არსებობს, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს. მთავრობის შეცდომებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოსახლეობის გაფცქვნა, მაგალითად, მანქანების სანომრე ნიშნების გამოცვლა საჭიროობას არ მოითხოვდა. იგივე, საპენსიო რეფორმა სრულიად გაუაზრებელი და არაეფექტიანია.
_ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების ფონზე, ხელისუფლება პენსიას იანვრიდან 20 ლარით ზრდის, რაც ჯამში, 200 ლარია. ფასების ზრდის პარალელურად, იმ ადამიანისთვის, რომლებსაც თვიდან თვემდე ვერ გააქვთ თავი, პენსიის ამ რაოდენობით ზრდა რაიმე სარგებლის მომტანი იქნება?
_ პენსიონრებს დასცინიან. მთავრობამ მაშინაც დასცინა ხალხს, როცა წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შემწეობა 50 ლარით გაზარდა.
ფასების გამალებული ზრდას ნულამდე დაჰყავს პენსიის 20 ლარით ზრდის ღირებულება. ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების გარეშე, სახელმწიფომ რაც არ უნდა გაზარდოს სოციალური გასაცემლები, მათ არ ექნებათ ფასი და მსყიდველობითი უნარიანობა. სანამ ლარი არ დასტაბილურდება, მანამდე ნებისმიერი სოციალური გასაცემლის ზრდა პიარაქციაა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის კანონის ერთადერთი მიზანია, ადამიანებიდან კიდევ უფრო მეტი ფულის ამოღება. ეს არის მოსახლეობის გაფცქვნის პროცესი. რამდენიმე წელიწადში მთავრობა გაშლის ხელს და იტყვის, რა ვქნათ, ფული დაიკარგაო. მერწმუნეთ, ყოველი შემდეგი მთავრობა ამ კანონის რეფორმირებას მოახდენს.
არ შეიძლება მოსახლეობის გაღლეტა იმ ფონზე, როცა ადამიანებს პურის ფულიც კი არ აქვთ. კანონში წერია, რომ საპენსიო თანხები შესაძლებელია საზღვარგარეთ იქნას გატანილი და ეს ფული რა ფასიან ქაღალდში იქნება დაბანდებული, ღმერთმა იცის. ფაქტობრივად, ვიღაც-ვიღაცები მოსახლეობისგან აკრეფილი ფულით თავისი ჯიბეების გავსებას აპირებენ.
_მოსახლეობისთვის „ქართული ოცნების“ დაპირებული ეკონომიკური კეთილდღეობა, აუცდენელ ოცნებად იქცა. დღეს პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეცდომებს გამოასწორებს. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიის მხრიდან აქამდე შეუმჩნეველი იყო ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა? და არა მარტო ეკონომიკური.
_ საზოგადოების იმედგაცრუება ხელისუფლებამ თავად გამოიწვია. როდესაც ქვეყნის სათავეში მოდიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა მართონ ქვეყანა და განსაკუთრებით, როგორ უნდა მართონ ეკონომიკა, ბუნებრივია, შეცდომების დაშვების ძალიან დიდი რისკი არსებობს. ის პოლიტიკა, რასაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.