კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტი მთავრობამ დღეს უკან გაიწვია, რაც კიდევ ერთხელ გახდა ბიუროს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს არ სჯერა, რომ ხელისუფლება საბოლოოდ ამ კანონპროექტის მიღებაზე უარს იტყვის და ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო გათვლაა.
„ეს არის ფანდი, დროებით გაგაქვთ კანონი თუ ამ 500-პროცენტიანი მოგებით თვალანთებული ადამიანის, ასე ვთქვათ, სურვილები საბოლოოდ იქნება ჩაცხრობილი იმიტომ, რომ 500 პროცენტიანი მოგება, ეს ძალიან ოხერი რამ არის და დიდი მაცდუნებელი რამ არის. თუ თქვენ ამ კანონის უკან დაბრუნებას არ აპირებთ და ეს ეკლესიასთან შეხვედრის შემდეგ მოხდა, მაშინ მოდით და დაიფიცეთ ბიბლიაზე, რომ ამ კანონს არ შემოაბრუნებთ უკან, აი, მაშინ დაგიჯერებთ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.