მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს, ორი კვირის ვადაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება და ეს პროცესი უნდა გახორციელდეს არაუგვიანეს ორი დეკემბრისა.
მანამდე კი მთავარ კითხვად რჩება _ რა პოზიციას დააფიქსირებს ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელმაც 28 ოქტომბერს არჩევანი არც სალომე ზურაბიშვილის და არც ოპოზიციის სასარგებლოდ არ გააკეთა. სწორედ ამ კითხვით მიმართა “გურია ნიუსმა” პარტიების ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ცნობილია, რომ “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მეორე ტურში პირადად გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ აპირებს არჩევნის გააკეთებს, თუმცა, პარტიის სხვა წევრებსა და მხარდამჭერებს დამოუკიდებელი არჩევნის საშუალება მისცა. როგორც გაირკვა, პარტიის ხელმძღვანელისგან განსხვავებით, არც ერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ აპირებს ხმის მიცემას “გირჩის” ლანჩხუთელი ლიდერი ვახტანგ ზენაიშვილი:
“მე არ დავუჭერ მხარს არც ერთ მხარეს. ორივე მავნებელი სოციალისტია, რაც ძალიან მაბრკოლებს”, _ გვითხრა ზენაიშვილმა.
პარტიის ხელმძღვანელობიდან მიღებული მითითებების ადეკვატური იქნება მეორე ტურისთვის “პატრიოტთა ალიანსის” ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დარეჯან ბურჭულაძის პოზიცია, რომელიც, ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმშია:
“ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ “ნაციონალების” კანდიდატის გამარჯვება არ უნდა დავუშვათ, ცნობილია. თუმცა, პირადად, კონკრეტული მითითებების მოლოდინში ვარ ხელმძღვანელობის მხრიდან”, _ ამბობს დარეჯან ბურჭულაძე, რომლის პარტიაც წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.
რომან ბიწაძის, რომელიც ლანჩხუთში “შენების მოძრაობას” წარმოადგენს, პასუხი კითხვაზე, თუ ვის სასარგებლოდ აპირებს მეორე ტურში არჩევნის გაკეთებას ასეთია:
“ყოველგვარი პარტიულობის გარეშე ვიტყვი _ პრეზიდენტად ორნაქმარევი ქალი ჯობს თუ ორცოლიანი?!”
უცნობია, გაიზიარებს თუ არა მეორე ტურის წინა მოწოდებას _ “ყველა მინუს ერთი”, ლანჩხუთელი ლეიბორისტი ტარიელ კალანდარიშვილი, რომლის პარტიულმა შეფმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“ორ ერთმანეთთან გარიგებულ ძალას, ნაც-ოცნებას ყოველგვარი შუამავლობის გარეშე, ჩემ მიმართ ცხოველური სიძულვილი აერთიანებს. ნაცების ხელმძღვანელებმა (რიგითებს არაფერს ვერჩი) ედისონ რისერჩით თვეებია, იმდენი მიყალბეს რეიტინგები, რომ ჩემი ამომრჩეველი ქვეცნობიერად დაარწმუნეს არჩევნებში მოსვლის უაზრობაში. უფრო მეტიც, ეგზიტპოლში მე და ნარკოტიზმის მთავარი პროპაგანდისტს თანაბარი ქულები დაგვიწერეს, რათა უფრო მეტად დავთრგუნულიყავი. ასეთი რამ ბიძინასაც კი არ მოსვლია აზრად. ჩემი თავი ჯანდაბას და ამით მთელ ერს მოჭრეს თავი მსოფლიოში, რომ, აი, ნარკოპარტიაც კი წინაა, თურმე. გაიგეთ _ ჩემს წაქცევას ვერ მოესწრებით, ვერა!” _ წერს ნათელაშვილი.
პირადი წყენების დავიწყებისკენ მოუწოდებს ყველას “ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა:
“ახლა გამარჯვებას უნდა დაცვა და გაფორმება! უმნიშვნელოვანესია, ვმობილიზდეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, დავივიწყოთ პირადი წყენები, განსხვავებები და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე”.
როგორც ჩანს, წყენის დავიწყება მოუწია, დროებით მაინც, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს ლანჩხუთში რამაზ გვარჯალაძეს, რომელსაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ “ნაციონალებთან”. გვარჯალაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს:
“დიდი მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მობრძანდა არჩევნებზე და უარი უთხრა ბიძინას და მის კანდიდატს ქალბატონ სალომეს. წინასწარ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პატრიოტ მოქალაქეს, ვინც მეორე ტურში მხარს დაუჭერს ოპოზიციონერ კანდიდატს ბატონ გრიგოლ ვაშაძეს”, _ წერს გვარჯალაძე.