რა მესიჯი გაუგზავნა ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას” საქართველოს პრეზიდენტობის არჩევნებზე _ ამ კითხვით “გურია ნიუსმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს მიმართა.
“ევროპული საქართველოს” წევრი მიხეილ გოგოტიშვილის აზრით, მოქალაქეებმა უარი უთხრეს ხელისუფლებას:
“ადამიანებმა გააცნობიერეს ამდენი ტყუილი “ქართული ოცნების” მხრიდან და გადაწყვიტეს, მოახდინონ მათი გადარჩევა არჩევნების გზით. პირველ ტურში ამომრჩეველმა უარი უთხრა ხელისუფლებას.
რაც შეეხება მეორე ტურს, ხდება ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, რომ მხარი დავუჭიროთ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. პრეზიდენტი იქნება ოპოზიციიდან და ამაში დარწმუნებულები ვართ”.
ჩვენს კითხვაზე, რომ პირველ ტურში “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძესა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შორის კარგი დამოკიდებულება არ იყო და ერთმანეთის მისამართით არაერთი კრიტიკა გაისმა, მეორე ტურში როგორ მოხდა, რომ დავით ბაქრაძე მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს, გოგოტიშვილი გვპასუხობს:
“ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ვართ ერთი პლატფორმის ქვეშ. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა რუსეთს და წინ ევროპისკენ, ნატოსკენ. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ხედვა და გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს რყევების, ინციდენტების გარეშე. მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამა მათთან ახლოს იყო და მოხდა ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს”.
ჩვენ, ასევე, დავინტერესდით ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, რომ არჩევნების დღეს “ევროპული საქართველოს” კოორდინატორების ნაწილი “ნაცმოძრაობას” შეუერთდა:
“ასეთი რაღაცეები შეიძლება მოხდეს ერთეულების დონეზე, მაგრამ, არ მგონია, მასობრივი ხასიათი ჰქონდეს. ასეთ ფაქტებს ვერ დაგიდასტურებთ. ახლა მიმდინარეობს ანალიზი და მოგვიანებით უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება”, _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.
“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერი, დავით მამალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უნდა შეიქმნას “რევოლუციური კომიტეტები”:
“მეორე ტურში, სოფლებში უნდა შეიქმნას რევოლუციური კომიტეტები. მშვიდობიანი ძალისხმევით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, არ მოხდეს გაყალბება და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გაგრძელება. ხალხს აქვს უამრავი პრობლემა და ეს პრობლემები დროულად უნდა გადაწყდეს”.
ლავრენტი ბიგვავა, “ქართული ოცნება”: “ეტყობა, გარკვეული ხარვეზები იყო, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ან არჩევნების დღეს კი არა, ზოგადად, ხელისუფლების ფუნქციონირების პროცესებში. შეიძლება, ეს ვიზუალურად აშკარად არ ჩანდა, მაგრამ მოსახლეობამ დაინახა. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სერიოზული სილა გაგვაწნა ამომრჩეველმა და დროულად უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, უფრო მეტი პროექტია გასახორციელებელი. ვფიქრობ, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს”.
თორნიკე გოგუაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”: “ხალხმა არ მისცა ხმა სალომე ზურაბიშვილს. რომ არა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებული იყო და პირველივე ტურში დამთავრდებოდა ყველაფერი. არჩევნების დღეს ყველამ კარგად დაინახა, რა მობილიზება იყო მმართველი პარტიის მხრიდან და კოორდინატორები ყველანაირ კანონს არღვევდნენ _ ფულის დარიგებები, სამარშრუტო ტაქსებით ამომრჩევლების გადაყვანა, კონტროლი… ხალხმა უარი უთხრა ხელისუფლებას _ აბსოლუტურად ყველა დიდი ქალაქი წააგო მმართველი პარტიის დამოუკიდებელმა კანდიდატმა”.
ლევან მგელაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი: “მეორე ტურის აუცილებლობა მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა _ ამომრჩეველი თვითონ არჩევს უკვე, ვის მისცეს ხმა, მიუხედავად იმისა, დიდი ზეწოლების ქვეშ იყო. მეორე ტური იმის მინიშნებაა ხელისუფლებისთვის, რომ საქმე კარგად არ არის. რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ეს კარგად დაინახა საზოგადოებამ და მათ გააკეთეს სწორი არჩევანი. ხელისუფლებამ უნდა გამოიღვიძოს და უფრო მეტი გააკეთოს, რომ ხალხი გაჭირვებიდან ამოვიდეს”.
შოთა გოგიბერიძე. “პატრიოტთა ალიანსი”: “ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს _ ეს დემოკრატიული განვითარებისთვის ნამდვილად წინ გადადგმულია ნაბიჯია. რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას, ჩემი აზრით, ხმების თანაბარი განაწილება სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს შორის, გამოიწვია მოსახლეობის გაფრთხილებამ “ქართული ოცნების” მისამართით _ ხალხმა ყვითელი ბარათი ამოუღო მმართველ პარტიას. ვფიქრობ, ეს არ იყო “ნაცმოძრაობის” მხარდასაჭერი აქტი _ ეს იყო “ოცნების” გაფრთხილება. მეორე ტურამდე დარჩენილ დროში ძალიან დიდი დაფიქრება მართებს მმართველ ძალას, რომ ხელისუფლება არ დაუთმოს მოძალადე “ნაცმოძრაობას”.
კითხვაზე, უჭერდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს მხარს პირველ ტურში პატრიოტთა ალიანსი, შოთა გოგიბერიძემ გვიპასუხა:
“6 000 ათასი ხელმოწერა შეგროვდა ოზურგეთში, რომ სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმი დამნაშავე რეჟიმად გამოცხადდეს და სამართლიანობა აღდგეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავუჭერდით მხარს ვაშაძეს ან ბაქრაძეს. ჩვენ თავისუფალი ვიყავით არჩევანში, რადგან “პატრიოტთა” ალიანსს საპრეზიდენტო კანდიდატი არ გვყავდა. რაც შეეხება მეორე ტურს, პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას და როგორც არის ცნობილი, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.”
მარი ჩხიკვიშვილი, “ქართული ოცნება”: “2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ “ქართულმა ოცნებამ” და საზოგადოებამ, ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული საარჩევნო სისტემის შექმნა შეძლო. არჩევნების მეორე ტურიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება.
რაც შეეხება შედეგებს, ვფიქრობ, რომ საზოგადოებისგან ეს არის გზავნილი, რომ ქვეყანაში ბევრი რამ სწრაფად არის შესაცვლელი, რისთვისაც მმართველი გუნდი მზადაა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ცდილობდნენ ფაქტების არასწორად წარმოჩენას, შედეგი არის ჯანსაღი, საარჩევნო გარემო კი _ სამართლიანი. ჩემი სოფლის მაგალითზე მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიცია შეეცადა სიტუაციის არევას, თუმცა, ამომრჩეველმა მას სწორი გადაწყვეტილებით უპასუხა და დვაბზუს საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოვიგეთ.
ვფიქრობ, “”ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს”.