პოლიტიკურ პროცსებთან დაკავშირებით, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისა და 7 ნოემბრის სისხლიანი აქციის შესახებ „გურია ნიუსი“ პოლიტიკის ექსპერტს მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
_ ბატონო მამუკა, დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით „გვახსოვს 7 ნოემბერი“, აღნიშნული ღონისძიების საშუალებით ხელისუფლება საზოგადოებას კვლავ ახსენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს.
მმართველი პარტიის მხრიდან მუდმივად სისხლიან 9 წელზე აპელირების ფონზე, მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი პასუხი გაეცა იმ პარტიისთვის, რომელიც თუნდაც 7 ნოემბრის შემოქმედია?
_ ცალსახად, არა. „ქართული ოცნების“ მიმართ პრეტენზიების ნაწილი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ დამნაშავეები ვერ დასაჯეს და სამართალი ვერ აღადგინეს, მათ შორის, არ დასჯილან პირები, რომლებმაც 7 ნოემბრის აქციის დარბევის ბრძანება გასცეს და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ მშვიდობიანი აქციის მშვიდობიან მონაწილეებს.
თუ რატომ ვერ აღდგა სამართლიანობა? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ. დღეს საქართველოში კოჰაბიტაციის მახინჯი ფორმა არსებობს, რაც დიდი უსამართლობაა.
_ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვებს გაგახსენებთ, რომელშიც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია იძულებითი იყო. ასე ვინ იძალადა „ქართულ ოცნებაზე“, რომ მმართველმა პარტიამ თითქმის ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაში, მათ შორის, მაღალ თანამდებობებზეც, „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები დატოვა და კოჰაბიტაციის ასეთი ფორმა აირჩია?
_ ვინც უნდა თქვას გვაიძულესო, ასე არ არის. კი, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორებისგან გარკვეული იძულების ელემენტები არსებობდა, მაგრამ დღეს კოჰაბიტაციამ მახინჯი ფორმა მიიღო. ყველაფერს აქვს თავისი ზომა და წონა. არავინ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლებულიყო, მაგრამ პოლიტიკური შეფასება მათი მოქმედებისთვის აუცილებლად უნდა მიეცათ.
_ აქცია, რომელიც ახლა რუსთაველზე მიმდინარეობს, მეტწილად, „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ანტიპიარს ემსახურება. მაშინ, როცა ქვეყნის ყველა სტრუქტურას „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია ვაშაძის გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებად რატომ აღიქვამს?
_ მმართველი პარტია იმიტომ აღიქვამს, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას ნიშნავს. მისი გამარჯვების შემთხვევაში, გველოდება სახელისუფლებო შტოებთან მუდმივი დაპირისპირება სტაგნაცია და შესაძლოა, სერიოზული დესტაბილიზაცია. მითუმეტეს, ვაშაძემ თავად განაცხადა, რომ დესტაბილიზაციის მოწყობას აპირებს. შესაბამისად, დაპირისპირების რისკი საკმაოდ მაღალია.
_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე, „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ ვერსიად ოპოზიციისთვის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დათმობასაც განიხილავდა. ახლა რამ შეაშინა მმართველი პარტია?! ფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვაშაძის გამარჯვება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შიშს უჩენს?
_ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას ორი მძიმე წელი ელოდება, რაც, საბოლოო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსასვლელად ძალიან კარგ პირობას შეუქმნის.
ბუნებრივია, მისი გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლას ცალსახად არ ნიშნავს, მაგრამ დესტაბილიზაციის ფონზე ქვეყანა არ განვითარდება, თუნდაც იმ კუს ნაბიჯებით, რომლითაც ახლა მიიწევს წინ.