„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვვლება და ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. კარგია ის, რომ ინდუსტრია და მარეგულირებელი ისეთ კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას იძლევა“, -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება.
„რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის, შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად და მისი დადგენის სექტორში არსებული პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში.
საქართველოში მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით არსებული შემოსავალი. დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. ასევე ჩვენი კლიენტების შემთხვევაში, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინება მოხდა რეგულაციებში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეგულაციებმა სწორი სახე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას,“- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
„კრისტალის“ დამფუძნებლის პროგნოზით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური სექტორი ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი შენელდება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან იგეგმება.