პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრობს.
მისი თქმით, წესით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალება, მმართველ პარტიაში შიშს არ უნდა იწვევდეს, რადგან ქვეყნის მართის სადავეები „ქართული ოცნების“ ხელშია.
ხუხაშვილი მიანიშნებს, რომ მმართველი პარტია მთავარ პრობლემას ვერ აანალიზებს. გაჭირვებასა და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, რომელთა აღმოფხვრა „ქართული ოცნების“ უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.
„ქართული ოცნების“ დღევანდელ ელიტაში არიან ადამიანები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის აჩრდილისაც კი ეშინოდათ და დღესაც ეშინიათ. ამ აფექტის მდგომარეობით არის ეს ისტერიკა გამოწვეული.
გრიგოლ ვაშაძემ რომ შეიწყალოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლება, ბუნებრივია, კვლავ რჩება „ქართული ოცნების“ ხელში. თუ მმართველ პარტიას ერთ ადამიანთან გამკლავება არ შეუძლია, მაშინ საერთოდ რაზეა საუბარი?!
რეალურად, მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი კი არ არის პრობლემა, პრობლემაა ის უკმაყოფილება, რომელიც ხალხშია, რასაც ხელისუფლება ვერ აცნობიერებს.
მიხეილ სააკაშვილით საზოგადოების დაშინება და კრიზისის ინიცირება მაშინ იქნება წარმატებული, თუ მესამე პრეზიდენტს ხალხი მხარს დაუჭერს, ადამიანები კი სააკაშვილს იმ შემთხვევაში მიემხრობიან, თუ ხელისუფლების მმართველობით იქნებიან უკმაყოფილონი.
„ქართულმა ოცნებამ“ სჯობს, რეალურ პრობლემებს მიხედოს. ხალხის გაჭირვება დაინახოს და პრობლემების გამოსწორებაზე იზრუნოს“, _აღნიშნა ხუხაშვილმა.