„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა ლანჩხუთში გივი ცინცაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მთავარი სასაუბრო თემა ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ცინცაძის მიერ 14 ოქტომბრით დათარიღებულ საჩივარს ეხებოდა.
საჩივარში საუბარია 13 ოქტომბერს საოლქო კომისიის სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ხიდმაღალას #24 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნანა ვასაძემ გივი ცინცაძეს, რომელიც საკუთარი ტელეფონით ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, ხელიდან ტელეფონი წაგლიჯა და სანაგვე ურნაში ჩააგდო. საოლქო კომისიის მხრიდან სწორედ ამ ფაქტის შესწავლას და ვასაძის მიმართ სათანადო რეაგირებას ითხოვდა თავისუფალი ზონის დამკვირვებელი.
როგორც პრესკონფერენციაზე გაირკვა, საოლქო კომისიამ ვასაძის საქციელში დარღვევა ვერ იპოვა და ცინცაძეს ბრალი აქეთ დასდო.
„ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ფაქტობრივი გარემოებების, წერილობითი ახსნა-განმარტებებისა და ვიდეომტკიცებულებების შესწავლის შედეგად, აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით ირკვევა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირველი საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, #24 ხიდმაღალას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილ ნანა ვასაძე ტოვებდა სხდომათა დარბაზს, რა დროსაც ა(ა)იპ-ის „კლუბი თავისუფალი ზონა“ დამკვირვებელმა გივი ცინცაძემ მა სახეში მიანათა მობილური ტელეფონი და მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით „უპასუხისმგებლო და მატყუარა“.
უცნობი ადამიანისგან აღნიშნულმა მიმართვამ აღაშფოთა ნანა ვასაძე, რამაც გამოიწვია მასსა და მისთვის უცნობ ადამიანს შორის პირადი ხასიათის სიტყვიერი შეკამათება. რის შემდეგაც ნანა ვასაძემ მას გამოართვა მობილური ტელეფონი, გაიტანა სხდომათა დარბაზიდან და მოათავსა დერეფნის ბოლოს ურნაში.
ამასთან, გივი ცინცაძემ მობილური ტელეფონი დაიბრუნა, რომლის შემდგომაც მან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოხატა პროტესტი და დატოვა სხდომათა დარბაზი, ხოლო ვასაძემ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ემოციურ ფონზე, რაც განპირობებული იქნა დამკვირვებლის მიერ,“ _ წერია გივი ცინცაძისთვის საოლქო კომისიიდან მიღებულ წერილობით შეტყობინებაში, რომელსაც ხელს ოლქის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილი აწერს.
აღნიშნულ წერილში საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმასაც აღნიშნავს, გივი ცინცაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილებაც დაარღვია:
„საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქციის“ თანახმად საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს უფლება აქვს საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სხდომის დაწყებიდან ხუთი წუთის განმავლობაში აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება ნებისმიერი ადგილიდან, რის შემდეგაც ის ვალდებულია დაიკავოს შესაბამისი ადგილი კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილი და ამ ადგილიდან აწარმოოს სხდომის ფოტოვიდეოგადაღება. ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან არ დასტურდება, რომ გივი ცინცაძე აწარმოებდა ფოტოვიდეოგადაღებას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი ადგილიდან და ფოტოვიდეოგადაღებას აწარმოებდა ცესკოს ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ ადგილი არ ქონია ა(ა)იპ-ის „კლუბი თავისუფალი ზონის“ დამკვირვებლის გივი ცინცაძისთვის დამკვირვებლის კანონით მინიჭებული უფლების შეზღუდვას და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლას. გივი ცინცაძესა და ვასაძეს შორის ადგილი ჰქონდა პირადი ხასიათის შეკამათებასა და მცირე ინციდენტს. შესაბამისად გივი ცინცაძეს, როგორც დამკვირვებელს ხელი არ შეშლია დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელებაში და ადგილი არ ჰქონია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც მიზანშეუწონლად მიმაჩნია ნანა ვასაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა,“ _ წერს თამარ ბისიეშვილი.
რაც შეეხება თავად ნანა ვასაძეს, იგი საკუთარ ოლქის თავმჯდომარის სახელზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებით განცხადებაში განმარტავს, რომ მან ვერ აიტანა შეურაცხყოფა უცნობი ადამიანიდან, გამოგლიჯა ხელიდან ტელეფონი და ჩადო ურნაში.
„სხდომაზე პირველი საკითხის დასრულების შემდეგ, როდესაც თქვენ მომთხოვეთ სხდომის დარბაზის დატოვება, ამის შემდეგ დამკვირვებელმა გივი ცინცაძემ თავისი ტელეფონი მომანათა სახის არეში და მიწოდა შემდეგი შეურაცხმყოფელი სიტყვები _ „მატყუარა და უპასუხისმგებლო“, რის გამოც პირადი შეურაცხყოფა ვერ ავიტანე ისეთი ადამიანიდან, რომელსაც არ ვიცნობდი. გამოვგლიჯე ხელიდან ტელეფონი, გავიტანე სხდომის დარბაზიდან და დაუზიანებლად ჩავდე დერეფნის ბოლო ურნაში,“- ასე განუმარტავს ვასაძე საკუთარ ქმედებას ოლქის თავმჯდომარეს და აქვე იმასაც დასძენს, რომ მთელი სხდომის მიმდინარეობის დროს დამსწრე პირები გია გოგუაძე და კახა ასკურავა მასსა და ხიდმაღალას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უებნებოდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინათ.
როგორც გივი ცინცაძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, თამარ ბისიეშვილის მხრიდან მისი საჩივრის საპასუხოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება.
„თამარ ბისიეშვილის განცხადება, რომ ნანა ვასაძეს თურმე ტელეფონი სახეში მივანათე და „მატყუარა და უპასუხისმგებლო“ ვუწოდე და ამას მოჰყვა ქალბატონის გაღიზიანება, სრული აბსურდია. ვინც ჩემს მიერ 13 ოქტომბრის სხდომაზე გადაღებულ ვიდეოს ნახავს, ნათლად დაინახავს, რომ ვიდრე ვასაძემ ტელეფონი ხელიდან არ წამგლიჯა, ხმას არ ვიღებდი. ოლქი მადანაშაულებს, რომ თითქოსდა პირადი კონფლიქტი მქონია ნანა ვასაძესთან, რომელიც პირველად ვნახე ამ კომისიის სხდომაზე, ესეც სრული შეუსაბამობაა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თითქოსდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან არ დასტურდება, რომ ვიდეოგადაღებას ვაწარმოებდი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი ადგილიდან, ესეც სრული აბსურდია. 13 ოქტომბრის სხდომის ვიდეოს ხანგძლივობა სრულად, გადაღების დაწყებიდან ტელეფონის სანაგვე ურნიდან ამოღების ჩათვლით, სულ ხუთ წუთსა და 24 წამს შეადგენს. ამასთან, თუ ჩემი იმდღევანდელი ქმედება წინააღმდეგობაში მოდიოდა „საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერ ინსტრუქციასთან“, რატომ არ მიმითითა თავად ბისიეშვილმა სხდომის მიმდინარეობისას.
მოკლე, მინდა ვთქვა, რომ ოლქის პასუხი ჩემს საჩივარზე არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, სრულიად არაადეკვატურია. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მომხდარ ფაქტში აქეთ მე ვარ დადანაშაულებული და მაინტერესებს ვინ აწერინებს ბისიეშვილს მსგავს გადაწყვეტილებებს,“ _ ამბობს ცინცაძე.