შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ, შემთხვევის ადგილზე, მომხდარი ფაქტის შესახებ ჟურნალისტებთან პირველად მონაცემების შესახებ ისაუბრა.
„საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი _ დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე.
ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ადგილზე დროულად გამოცხადდა საპატრულო და სამაშველო სამსახურები. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოძებნის პროცესი, იმის დასადგენად არიან თუ არა კიდევ დაშავებულები.
სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სადაც არის სამშენებლო ფილა ჩავარდნილი, სახლში უნდა იმყოფებოდეს დედა-შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან და ამ ინფორმაციას ვერ ვადასტურებთ. მიმდინარეობს
საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ასევე, გრძელდება ძებნის სამუშაოებიც.
მოგეხსენებათ, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, იქნება მობილიზებული რშესაბამისი ტექნიკა, რითიც მოხდება ამ ფილის აწევა“, _ განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.