იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოჩენას განმარტავს.
მისი თქმით, აღნიშნული ხაზს უსვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტია და სალომე ზურაბიშვილი ერთიანი ძალებით იბრძვიან.
ბესელია აქვე აცხადებს, რომ პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაკლები მობილიზება, შესაძლოა, იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებამ დამოუკიდებელ კანდიდატად აღიქვა.
„ამომრჩევლისთვის ახალი ბილბორდების ახალი გზავნილი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც ერთიანია. ეს არის ერთიანობის ხაზგასმა, რათა მოხდეს ყველა იმ ამომრჩევლის მობილიზება, რომელიც პირველ ტურზე სხვადასხვა მიზეზი გამო, ვერ ან არ მოვიდა.
შეიძლება ნაწილმა მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია. შესაძლოა, გარკვეულწილად, ჩვენი ამომრჩევლისთვის ამ ერთიანობის დემონსტრირებას სხვადასხვა ფორმით აქ ჰქონდეს მნიშვნელობა“, _ აღნიშნა ბესელიამ.
საპრეზიდენტო არჩვენებში მმართველმა პარტიამ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა და დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატად გამოაცხადა.