საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ პოლიტიკის ექსპერტს სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
_ ბატონო სოსო, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილი გადამალა. ბილბორდებზე პარტიის ლიდერთა სურათების გამოჩენის შემდეგ აღნიშნულზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა. როცა საზოგადოება ხმას სალომე ზურაბიშვილს აძლევს, მმართველი პარტია რატომ ცდილობს, ამომრჩეველს საპრეზიდენტო კანდიდატი დაავიწყოს?
_ გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობა, როცა ამბობდნენ _ ვამბობ სტალინს, ვგულისხმობ ლენინს. როგორც ჩანს, სტრატეგიული რეზერვი ჩართო „ოცნებამ“.
ცოტა უხერხულია, როცა ისეთ ექსტრავაგანტულ ზომებს მიმართავ, რომლის ანალოგიც მსოფლიო არჩევნების ისტორიაშიც არ არსებობს. ადამიანს რომ უთხრა, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატიაო, საუკეთესო შემთხვევაში, გაიცინებს, უარეს შემთხვევაში კი შეიგინება.
თითქოს, რელიგიური ფანატიზმის რეალობაში გადავდივართ. როგორც მუსულმან შიიტს ვერ აიძულებ, რომ მუსულმან სუნიტს მისცეს ხმა, ისე ვერ აიძულებ საზოგადოებას, ზურაბიშვილს მისცეს ხმა.
ბანერზე მაცხოვრის სურათიც რომ გააკრან სალომესთან ერთად, საზოგადოების იძულებას მაინც ვერ შეძლებენ.
_ პირველი ტურის მარათონში სალომე ზურაბიშვილის წარუმატებლობას მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმასაც აბრალებენ, რომ საზოგადოებამ ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად აღიქვა, რამაც, მათივე თქმით, ამომრჩეველთა მობილიზება შეასუსტა. იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად „ასაღებდა“ და ახლაც ასეა, როგორ უნდა შეფასდეს აღნიშნული განცხადება?
_ ყველაფერს აქვს საზღვარი. სალომე ზურაბიშვილი ისეთივე დამოუკიდებელია, როგორც აფხაზეთი და ოსეთი. აფხაზეთი ზურაბიშვილზე გაცილებით დამოუკიდებელია. ასეთი განცხადებებით თავად იგდებენ თავს უხერხულ მდგომარეობაში.
_ არსებობს მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას ნიშნავს. როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს პარტია „ქართული ოცნებისა“და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მომავალს?
_ იმ შემთხვევაში, თუ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში სოლიდური რესურსით მოხვდება.
თუმცა მათი ხელისუფლებაში მობრუნება ფანტაზიაა. „ნაციონალური მოძრაობა” ამ ცხოვრებაში ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ მათ ექნებათ შანსი, ძალიან სოლიდური ადგილები დაიკავონ საკანონმდებლო ორგანოში, ამიტომ არის საპრეზიდენტო არჩევნები მართლაც პრინციპული.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ბუნებრივია, მათ პოლიტიკურ ცხოვრებას საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს. მმართველ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატად საზოგადოებისთვის მისაღები პირი რომ დაესახელებინა, არჩევნები მშვიდად ჩაივლიდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის სახით ნახეს ყველაზე ურეიტინგო კანდიდატი და შედეგებმაც არ დააყოვნა.
_ საპრეზიდენტო არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ამ ეტაპზე პროგნოზირება რთულია, თუმცა გაქვთ თქვენეული ვარაუდი?
_ რომ ვცხოვრობდე ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩემს თავს უფლებას მივცემდი, რომ პროგნოზი გამეკეთებინა, მაგრამ დიდი ხანია გავერკვიე, რა ქვეყანაში ვცხოვრობ. ამ ეტაპზე პროგნოზი ძნელია.
ერთი რამის თქმა შემიძლია, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს არჩევნების წაგების უფლება წაართვა, რითაც საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.