მრავალი გამოჩენილი მწერალი გვყავდა და გვყავს ქართველებს. მათი უმეტესობა განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული იყო. ქართველი ლიტერატორების ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში გადადის. დღევანდელ სტატიაში ზოგიერთ მათგანს გავიხსენებ.
თავდაპირველად, ცნობილი ქართველი მწერალი, ბატონი კონსტანტინე გამსახურდია მინდა, რომ გავიხსენო. ბატონი ლადო მრელაშვილი “დიდოსტატის მარჯვენის” ავტორის შესახებ ერთ სახალისო მოგონებას ყვებოდა:
“კონსტანტინე გამსახურდია ხშირად დადიოდა კახეთში და თელავის რაიონის ერთ-ერთი სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარესთანაც მეგობრობდა, რომელსაც ნიკოდ მოიხსენიებდა.
ერთხელ ასეთი რამ მიამბო:
– ერთი კვირა დღისთვის სანადიროდ დამპატიჟა ნიკომ, ჭაბუკო. წავედი. შუადღემდე კარგადაც ვინადირეთ და მერე კაი დროც გავატარეთ. სუფრაზე ვიღაცამ თქვა – თელავში ქათმები კვირაობით ძალიან იაფიაო. ვიფიქრე: ათიოდე რომ ვიყიდო, თბილისში ცოცხლები წავიყვანო და ეზოში გავუშვა, ძალიან ჭკვიანური იქნება-მეთქი.
წავედი ბაზარში. თოთხმეტი ვარია ვიყიდე და ნიკოსთან მივიყვანე. შოფერს ვუთხარ: მანქანა შეკაზმე-მეთქი, მაგრამ ვინ გამოგიშვა.
საღამომდის ვისხედით სუფრასთან. სანამ კარგად არ ჩამობნელდა, მანქანას არ გამაკარეს.
როცა თბილისში დავბრუნდი, იმ დღისთვის ღირებული ორიოდე შთაბეჭდილება ჩავიწერე და მერე დავწექი.
შუაღამისას საშინელი ბრახუნი ატყდა ჭიშკარზე. უმალ ფეხზე წამოვარდი. ოცდაჩვიდმეტი წელია და დღე-დღეზე დაპატიმრებას ველოდები. ჩავიცვი ტანზე, პიჯაკის ჯიბეში ჩემი ბრაუნინგი ჩავიდე და გარეთ გავედი. ლოგინიდან ჭიშკრამდე მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კინოლენტივით გამირბინა თვალწინ, ჭაბუკო. რაც მე ბუტირსკის ციხეში გადავიტანე, გადავწყვიტე: ცოცხალი თავით არ დავნებებულიყავ! ამოვიღე ჯიბიდან ბრაუნინგი და მეხივით ვიქუხე:
– ვინა ხართ-მეთქი?
ჭიშკრის გარედან მოკრძალებით დაიკნავლეს:
– თელაველები ვართ, ბატონო კონსტანტინე, გვაპატიეთ, ამ შუაღამით თქვენი შეწუხება – თავმჯდომარემ გამოგვზავნა: ვაი, თქვენი ტყავის ბრალი, თუ ამ ვარიებს ახლავე ქალაქში არ ჩაუყვანთ ბატონ კონსტანტინე გამსახურდიასო! ვარიები დაგრჩენიათ თავმჯდომარესთან, ბატონო კონსტანტინე.
კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. ვიდექი და სიმწრის ოფლს ვიწმენდდი სახიდან. ახლა, შენ წარმოიდგინე, ჭაბუკო, როგორ სიხარულს მომგვრიდა იმ დროს იმ ვარიების ჩამოყვანა თბილისში”.
რადგან დღევანდელი წერილი ქართველ მწერლებს ეხება, ბატონ ნოდარ დუმბაძეს გვერდს ვერ ავუვლით. კინორეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა:
“ნოდარ დუმბაძის იუმორზე მის სიცოცხლეშივე დადიოდა ლეგენდები, ჩემი ფეხის პროტეზზეც ხშირად ხუმრობდა, მაგრამ ისე მოხდენილად, რომ ნაწყენი არასოდეს ვრჩებოდი. მთაში ვიყავით ერთად წასულები, დავწინაურდი. ნოდარი სხვებთან ერთად ლაპარაკში გართული უკან მოდიოდა. უცებ მომაძახა – გიგა, ბიჭო, შენ მარჯვედ რომ დალაშქრე ეს საცალფეხო ბილიკები, ჩვენ რა გვეშველება ორფეხა ხალხსო? “
როდესაც ილია აბულაძე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო, ქართლოს კასრაძემ ერთ აკადემიკოსზე მწარედ იოხუნჯა. ეს დანაშაულად მიიჩნიეს და დეკანატში იხმეს.
– ჯერჯერობით არ გაგრიცხავთ სახელოვანი მწერლის, დავით კასრაძის ვაჟს, მაგრამ სტიპენდიას კი უეჭველად მოგიხსნით! – დაემუქრა ილია აბულაძე.
– სტიპენდია ისედაც მოხსნილი მაქვს, ბატონო ილია, – უთხრა ქართლოსმა.
– დაგინიშნავ და მოგიხსნი! – უკან არ დაიხია ილიამ.
გაგიკვირდებათ და, თავის დროზე ერთი ლიტერატურული პრიზი პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილსაც აქვს მიღებული. პატიმრობაში მყოფმა ბერძენიშვილმა ციხეში მოწყობილ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. მან ვაჟა-ფშაველას შემოქმედების შესახებ ბრწყინვალე ლექცია წაიკითხა, რისთვისაც ჯილდოდ გადაეცა ერთი ღერი “პრიმა”.
თანამედროვე ქართველი მწერლებიდან დათო ტურაშვილს მინდა რომ შევეხო.
“ბატონო დათო, სად გადის თქვენი წიგნების გმირთა სულიერი ზღვარი”? – ჰკითხა ერთმა ჟურნალისტმა დათო ტურაშვილს. დათო დაფიქრდა ( ასეთი კითხვის შემდეგ დაფიქრდები, აბა რა!) და, იგოეთის ტეკთანო – უპასუხა“.
წინა საუკუნის 80-იან წლებში, ქართველთა “მოსიყვარულე” რუს მწერალ ასტაფიევს, ერთმა ჩვენებურმა კრიტიკოსმა შემდეგი სიტყვები მიუძღვნა: “შენმა ლანძღვამ ჩვენ ვერ გვავნო, შენ კი გავნო, გავნო, გავნო! “
დღევანდელი მოგონებების დასასრულს თბილისელ სტუდენტებში ერთ დროს მოარული ისტორია მინდა რომ გაგაცნოთ.
80-იან წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე შემსვლელებს საგამოცდო თემად მისცეს “ჩემი ოცნება”. ერთ-ერთმა ოხუნჯმა აბიტურიენტმა მოკლედ გააცნო გამომცდელებს სანუკვარი სურვილი:
“საოცნებო ქოხი ტყეში
და გოგონა სამჯერ დღეში”
საგამოცდო ნაშრომი შესაფასებლად ერთ ხნიერ პროფესორს შეხვდა, რომელსაც გამოსაცდელზე არანაკლები იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა და პასუხად მიაწერა:
“წელკავია სიბერეში,
თანახმა ვარ ერთხელ დღეში! “