“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების მერების დიდი ნაწილი თანამდებობას დატოვებს. ეს გადაწყვეტილება მმართველ პარტიაში უკვე მიღებულია.
მართალია, ამ თემაზე “ქართულ ოცნებაში” ღიად არ საუბრობენ, თუმცა, “გურია ნიუსმა” გაარკვია, რომ 28 ნოემბრის შემდეგ, პირველი მოხელე, რომელიც თანამდებობას დატოვებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა იქნება.
როგორც გვითხრეს, ტაბაღუას სახლში წასვლა არჩევნების პირველი ტურის და სალომე ზურაბიშვილის წაგების შემდეგ იყო გადაწყვეტილი, თუმცა, სიტუაცია შეიცვალა და არჩეული მერი თანამდებობაზე მეორე ტურამდე დატოვეს.
ჩვენ შევეცადეთ ეს ინფორმაცია უშუალოდ ტაბაღუასთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ჩვენი წყაროს თქმით, რუსთავის მერს ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძეც მიყვება, რომელიც ტაბაღუას მსგავსად ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ჩვენი ინფორმაციით, სახლში წამსვლელთა სიაში არიან ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი.
წყაროს თქმით ასევე გადაწყვეტილია, რომ თანამდებობას გამოემშვიდობება ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძეც.
ამ ეტაპზე უცნობია რა ფორმით გაუშვებენ შარაშენიძეს _ კოლეგების მსგავსად, განცხადებას “საკუთარი სურვილით დააწერინებენ” თუ დააკავებენ, რადგან მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მესამეზე მოკვლევა მიმდინარეობს.
ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე ოზურგეთის მერის კომენტარი მოგვეპოვებინა, თუმცა, შარაშენიძე, ტრადიციას არ არღვვევს და “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.