„გურია ნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
_ ბატონო პაატა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“, ამომრჩეველთა გულის მოგების მიზნით, უპრეცენდენტო ინიციატივა გაახმოვანა, რომლის მიხედვით, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ ადამიანებს საბანკო დავალიანება გაუნულდებათ. როგორ ფიქრობთ, მმართველ პარტიას რატომ დასჭირდა ამხელა ხარკის გადახდა იმ თანამდებობის მისაკუთრებისთვის, რომელიც უფლებამოსილებისგან დაცლილი ინსტიტუტია?
_ მიკვირს, რატომ უღირს „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვის ამხელა მსხვერპლის გაღება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოება მიხვდა, რამხელა ძალა აქვს, ამიტომ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ბევრად რთული და მნიშვნელოვანი იქნება, მმართველ პარტიას შედარებით ძვირადღირებული პროექტის გახორციელება მოუწევს.
ბუნებრივია, ე.წ „შავი სიებში“ მოხვედრილი მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების განულება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. „ქართული ოცნებისთვის“ ძვირადღირებული ინიციატივა საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგს ნამდვილად გამოიღებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვას აქვს ადგილი, რაზეც შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ამ ინიციატივის გაჟღერებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ძალიან უჭირს.
_“ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში “ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიშს უჩენს. მმართველი პარტიის შიში რით არის განპირობებული?
_“ქართული ოცნების“ შიში “ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით სასაცილოა. მთავრობა, ბიუჯეტი, პარლამენტი „ქართული ოცნების“ ხელშია, ამ დროს უფლება დაცლილი პრეზიდენტობის ინსტიტუტი, ფაქტობრივად, არაფრის ტოლფასია. მმართველი პარტია სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდაობით ავლენს საკუთარ უსუსურობას. „ქართული ოცნების“ ქმედება პირდაპირ აჩვენებს, რომ მას სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს, რაც შეშფოთებას იწვევს.
_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილი იმედგაცრუებულია. საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, შესაძლოა, კრიზისის გამომწვევი და საბოლოო ჯამში, მმართველი პარტიის დაშლის მიზეზი გახდეს?
_ საპრეზიდენტო არჩევნებში ვინც უნდა გაიმარჯვოს, „ქართულ ოცნება“ დაშლის წინაშე დადგება. მეტიც, მმართველ პარტიაში დაშლის პროცესი უკვე მიმდინარეობს და საპარლამენტო არჩევნებამდე აღნიშნული აუცილებლად მოხდება. მმართველ პარტიაში ვხედავ მეტ-ნაკლებად ჯანსაღ ძალას, მაგალითად, კახა კალაძეს, რომელსაც დიდი შანსი აქვს, საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ ბევრი ხმა მოიპოვოს და ირგვლივ საინტერესო ახალგაზრდები შემოიკრიბოს.
დღეს ყველა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ელოდება, რომელიც იმ შედეგს აფორმებს, რომელიც პირველ ტურში გამოცხადდა. 28 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ წელში გადატყდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი წელში გაიმართა. რაც მოუვიდა მოქალაქეთა კავშირს, როდესაც მას გამოეყო ჟვანია, ბურჯანაძე და სააკაშვილი, ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, ასეთი ტიპის გარდაქმნა მოხდება „ქართულ ოცნებაში“.
მმართველმა პარტიამ სხვა თუ ვერაფერი გააკეთა, „ნაციონალური მოძრაობა“ გააძლიერა, რაც „ოცნების“ მიერ ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაულია. საზოგადოებას დღეს გაუჩნდა განცდა, რომ „ქართული ოცნება“ არაფრით ჩამოუვარდება „ნაციონალურ მოძრაობას.“ ხელისუფლებაში კვლავ არიან ჩინოვნიკები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, რაც ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემაა.
_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა დაგვანახა, რომ საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ აღარ ენდობა. ამ ფონზე მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე რა აზრის ხართ?
_ აუცილებელია, რომ ახალგაზრდებმა შექმნან მესამე პოლიტიკური ძალა. იგივე, „ქართულ ოცნებაში“ არიან ჯანსაღი ძალები, რომლებმაც, შესაძლოა, ახალი გაერთიანება ჩამოაყალიბონ.
ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ ექნება, რაც კარგია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ წამყვანი ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ამიტომ არის აუცილებელი პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალის გამოჩენა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სძულს საქართველო, რომელსაც დიდი სიამოვნებით გაისტუმრებს ჯოჯოხეში. ეს ხალხი იმდენად გაბოროტებულია, რომ საქართველოს დასჯაც არ გაუჭირდებათ.
ამ ფონზე ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნება, რომ მმართველმა პარტიამ სასწრაფოდ გააუქმოს მაჟორიტარული მმართველობა და მხოლოდ პროპორციული სისტემა შეინარჩუნოს, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტში ბევრი პარტია შევა, რაც ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას შედარებით სტაბილურს გახდის.