ბათუმში, სასტუმრო “პრინცესაში” ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.
როგორც გვითხრეს, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული.
რაც შეეხება მეორე, დაჭრილ ქალს, ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე უკვე გახსნილია და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავებულია.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს – 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს.
პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, _ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან.
მათივე ინფორმაციით, ქალებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.