პოლიტოლოგი გია ნოდია საგანგაშოს უწოდებს იმ ვითარებას, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაშია შექმნილი.
ნოდიას ვკითხეთ, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა? _მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის წარსულში და ახლა გაკეთებული განცხადებები ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე დიდ ზიანს მიაყენებს.
პოლიტოლოგი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, არ გამორიცხავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ დადგეს.
„სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამები საქართველოსთვის დამაზიანებელია. თუ ზურაბიშვილს პრეზიდენტის სტატუსი ექნება, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის, წარსულში გაჟღერებულს, ბუნებრივია, მეტი წონა ექნება.
სალომე ზურაბიშვილმა, შესაძლოა, არჩევნებში გაიმარჯვოს, მაგრამ მისი გამარჯვება რამდენად ლეგიტიმურად ჩაითვლება სხვა საკითხია.
ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების მხრიდან ღია და შეუნიღბავი 600 ათასი ამომრჩევლის მოსყიდვა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ზეწოლა ხორციელდება ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით რეგიონებში.
საზოგადოების ერთმა ნაწილმა შეიძლება ლეგიტიმურად არ ცნოს საარჩევნო პროცესი, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს“,_აღნიშნა ნოდიამ.
კითხვაზე_რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ დიდი ოდენობით ხარკის გაღება იმ თანამდებობის მისაკუთრებისთვის, რომელიც ფაქტობრივად, უფლებამოსილებისგან დაცლილი ინსტიტუტია? _ნოდია გვპასუხობს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში დამარცხება „ქართული ოცნების“ დემორალიზაციასა და საბოლოო ჯამში, მმართველი პარტიის დაშლას გამოიწვევს, ამიტომ აქვს „ოცნებისთვის“ დიდი ფასი საპრეზიდენტო არჩევნებს.
„სალომე ზურაბიშვილის დამარცხება „ქართული ოცნების“ დამარცხებას ნიშნავს. ამომრჩეველთა ნაწილი ჩათვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ წააგო, საპარლამენტო არჩევნებშიც დამარცხდება, რაც გუნდის დემორალიზაციასა და საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ დაშლას გამოიწვევს.
პრეზიდენტი არ არის ისეთი ძლიერი ფიგურა, რომ მან ხელისუფლების ჩანაცვლება შეძლოს, ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზეა შესაძლებელი“,_გვითხრა ნოდიამ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.