გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და განაცხადა, რომ ხმა ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას მისცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის მარნეულში, პოლიციის სპეცტექნიკის მობილიზებასთან დაკავშირებით.
„ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც იღებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას. თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აღჭურვილობა, მაგალითად, მიკროფონი, კამერა, ზუსტად ასე, პოლიციას აქვს თავისი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა, რომლითაც, ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილდება. არაფერი აქ უჩვეულო არ არის.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.