„სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ სისულელეს ჩაიდენს თუ საპროტესტო აქციების გამართვას შეეცდება. ამ არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისედაც დიდ წარმატებას მიაღწია. ამ ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარი ამომრჩეველი თითქმის დაუბრუნა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ.
ძაბირაძე „ქართულ ოცნებას“ გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისგან განსხვავებით, ამომრჩეველი იძულებით არჩევანს აღარ გააკეთებს.
„თუ „ქართული ოცნება“ სწრაფად არ გააქტიურდება, ის იძულებითი ამომრჩეველი, რომელმაც დღეს ზურაბიშვილს კი არ დაუჭირა მხარი, არამედ ვაშაძის წინააღმდეგ მისცა ხმა, ისევ გვერდზე გაუდგება, რაც ქვეყანაში საპროტესტო აქციის დაწყების საფუძველს შექმნის.
ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, დღეს არ ღირს ისეთი პროტესტის აგორება, რომელიც არ აგორდება. მგონია, რომ ხვალ და ზეგ ქვეყანაში სიმშვიდე იქნება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ დამშვიდების არანაირი საფუძველი აქვს. პროცესები ისე მიდის, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს კარგავს და გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში იძულებით არჩევანს აღარავინ გააკეთებს“, _ აღნიშნა ძაბირაძემ.