გია ფერაძე სტუდენტობისას კომკავშირული საგზურით ექსკურსიაზე იყო ჩეხოსლოვაკიაში.
– რა ბედნიერი ხარ. პრაღა გაზაფხულზე რა ლამაზია. ვიშგოროდი, აყვავებული ალუბლები… – უთხრეს გიას.
– ალუბლების დედა ვატირე, – მპასუხობდა იგი – პახმელიაზე ჩეხური ლუდის საშოვნელად ნაცნობობა რომ არ დაგჭირდება, ესაა მთავარი! – იმ დროს ქართული ლუდი, ერთხელ უკვე დალეულს ჩამოგავდა და ჩეხური ლუდი რომ გეშოვნა, ან ცენტრალური კომიტეტის ბუფეტში ან „ინტურისტში“ უნდა გყოლოდა ნაცნობი, ან მიშა ლოლაძისა და ვახო ცხადაძის ახლობელი უნდა ყოფილიყავი, რომლებიც სასტუმრო „აჭარის“ და სასტუმრო „ივერიის“ დირექტორები იყვნენ.
68 წლის ჩეხოსლოვაკიის ცნობილი ამბები ახალი ჩავლილი იყო და დაძაბულობა ჯერ კიდევ არსებობდა. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო გიას მეგობარი ალკკ ცეკადან თემურ კაჭკაჭიშვილი, რომელიც შემდგომ მღელვარების გარეშე ვერ იგონებდა ამ მოგზაურობას.
ჯგუფხელი იხსენებდა: ერთხელ ქუჩაში მოვდივართ კარლოვი ვარში და უცებ მწკრივად დაწყობილი გერმანელი ტურისტების ჯგუფი მოდის ქუჩაზე.
გია რაღაც ნაგვის ტუმბოზე შედგა, გაიჭიმა და როდესაც მოახლოვდნენ გერმანელები, ქუსლი ქუსლზე მიარტყა, მარჯვენა ხელი ზე აღმართა და რიხიანად დაიძახა:
– ჰაილ ჰიტლერ!
გერმანელები დაიბნენ. პროვოკატორი ეგონათ და ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით, გაეცალნენ იქაურობას. მე კი ისე შემეშინდა, მიწას ჩავეტანე ის მერჩივნა. ვიფიქრე, ეს რომ ვინმეს დაენახა, დამთავრდა ჩემი კარიერა კომკავშირში-მეთქი. მოვკიდე გიას ხელი და საჩქაროდ შევიმალეთ რომელიღაც სახლის ეზოში.