საფრანგეთში სამი წლის წინ დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. კაპიტნის ვაჟი გიორგი ბერიძე ამბობს, რომ დაკავებული სამი წელია წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო სასამართლო 5-ჯერ გადაიდო.
“ჯერჯერობით ვერ მტკიცდება, რომ გემში კოკაინის არსებობის შესახებ კაპიტანს ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა პროცესი უსასრულოდ გრძელდება, მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გართულდა, გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო თავდებით, სპეციალური სამაჯურით, ის გაეთავისუფლებინათ და ყოფილიყო საფრანგეთში შიდაპატიმრობაში გამოძიების დასრულებამდე, თუკი ჩვენ, ასეთ ოჯახს ვიპოვოდით, აღმოვაჩინეთ ასეთი ახლობელიც, მაგრამ სასამართლომ ამაზე ბოლოს უარი გვითხრა. მე ვთხოვ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაგვეხმაროს, მიმართოს საფრანგეთის საელჩოს და ინფორმაცია მაინც მოვიძიოთ, რა მდგომარეობაშია საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რატომ იმყოფება საშინელ პირობებში, საქმეს გრიფი ადევს და არაფერს არ გვეუბნებიან,”- ამბობს გიორგი ბერიძე.
ქართველ კაპიტანთან ერთად დაკავებულია გემის ეკიპაჟიც 12 ადამიანი, რომლებიც თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვის დროშით მცურავი გემი “კარიბის პალმა” 2015 წელს დააკავა, გემზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.
წყარო: 1ტვ