მივიწყებული და ერთ დროს სტუმრისთვის უცებ მისართმევი კერძი ბრინჯულა, ბოლო დროს ისევ იბრუნებს პოპულარობას. მაგრამ, 21-ე საუკუნეში, ბრინჯულა რომ გურიაში მზადდებოდა, ამის შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ფლობენ.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დიდი განხილვა იყო _ არის თუ არა ბრინჯულა გურული კერძი და რისგან მზადებოდა.
“გურია ნიუსი“ ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმის ფონდების გამგეს, ზოია ტუღუშს დაუკავშირდა. მისი თქმით, ბრინჯულა დღეს ლანჩხუთში სადღესასწაულო ღონისძიებებზე მზადდება და ეს კერძი არ გხვდება რესტორნებში.
“ბრინჯულა იმიტომ დაარქვეს, რომ ბრინჯის ფქვილისგან კეთდებოდა და შიგ ყველს ურთავდნენ, ასევე, კვერცხს უმატებდნენ, როგორც შიგთავსში, ასევე, გარეთ. შემდეგ, უბრალო ფქვილისგან აკეთებდნენ, ეს ბოლო წლებში ხდება. ორსართულიანია ბრინჯულა და სწრაფად კეთდება.
ჩემი ინფორმაციით, 19-20 საუკუნეში ბრინჯულას ძალიან აქტიურად აკეთებდნენ. სტუმარი, რომ მოვიდოდა, უცებ გააკეთებდნენ და მიართმევდნენ. ხაჭაპურისთვის აუცილებელია კარგად აფუებული ცომი და ბრინჯულასთვის ეს საჭირო არ არის.
ძველად, ასევე ეს კერძი მზადებოდა ფაღის ფქვილსგან. ადრე გურიაში ხორბალიც მოჰყავდათ და მისგან იცოდნენ ბრინჯულას გაკეთება. სადღესასწაულოდ ან სტუმრისთვის ინახავდნენ ფაღის ფქვილს.
ბრიჯულას მოსამზადებლად თხელი ცომი არის საჭირო, ყველში აურევენ უმ კვერცხს და მოათავსებენ ცომში, ასევე, კვერცხს მოასხამენ თავზე. ამ ბოლო დროს ცომში სოდას ან საფუარს ამატებენ, _ გვითხრა ზოია ტუღუშმა.