ახალი ოკეანე
აფარის სამკუთხედი (იგივე აფარის დეპრესია) ეს არის ყველაზე ცხელი ადგილი დედამიწაზე. იგი მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე, ეთიოპიასა და ერითრეას შორის, ზღვის დონიდან დაახლოებით 100 მეტრით ქვემოთ. ამ ტერიტორიაზე მუდმივად იფრქვევა ვულკანები და გეიზერები, ძალიან ხშირია მიწისძვრები. აფარის სამკუთხედში ტექტონიკური მოძრაობები ძალიან ნელა მიმდინარეობს, მაგრამ გაივლის 10 მილიონი წელი და ეს აქტივობები მთლიანად შეწყდება. დარჩება მხოლოდ ცარიელი აუზები, რომლებიც წლით შეივსება და ამ ადგილზე წარმოიქმნება ახალი ოკეანე, რომელიც მომავალში იდეალური კურორტი იქნება.
დიდი შეჯახება
გალაქტიკაში და მზის სისტემაში უამრავი „თავისუფალი“ მეტეორიტი მოძრაობს, რომლებიც გამუდმებულ კატაკლიზმებს იწვევენ კოსმოსში. უახლოესი 100 მილიონი წლის განმავლობაში, ასეთი კატაკლიზმა დედამიწაზეც მოხდება, რაც რა თქმა უნდა მრავალი ცოცხალი არსების განადგურებას გამოიწვევს, ასეთი მოვლენები დედამიწაზე უკვე იყო 65 მილიონი წლის წინ, თუმცა მაშინაც მოახერხა ბევრმა ცოცხალმა ორგანიზმმა გადარჩენა და განვითარება. ეს იქნება დედამიწაზე ახალი ერის დასაწყისი, როდესაც თავიდან ჩამოყალიბდება კაცობრიობა და შესაძლოა იგივე გზის გავლა მოუხდეს, რაც ისტორიიდან გვსმენია.
“პანგეა ულტიმა” – ახალი ჰიპერკონტინენტი
უახლოეს 50 მილიონ წელიწადში აფრიკის კონტინენტი, რომელიც ბოლო 40 წელია მიიწევს ჩრდილოეთისაკენ, შეუერთდება სამხრეთ ევროპას, რაც გამოიწვევს ხმელთაშუა ზღვის გადაფარვას და წარმოიშობა უამრავი ახალი მთათა სისტემა. ამასობაში ანტარქტიდასა და ავსტრალიასაც „გაუჩნდება სურვილი“ შეუერთდეს ამ სუპერკონტინეტს და გამუდმებული ტექტონიკური მოძრაობის წყალობით, დაახლოებით 75 მილიონი წლის შემდეგ ეს ორი კონტინენტი შეუერთდება აზიას. ამ ფონზე წარმოუდგენლად გაიზრდება ატლანტის ოკეანის მოცულობა. ორივე ამერიკის კონტინენტი ან დასავლეთით დაიწყებს გადაადგილებას, ან აღმოსავლეთით. მეცნიერები ამაზე ზუსტად ვერ თანხმდებიან. ამ ყველაფერს დაახლოებით 250 მილიონი წელი დასჭირდება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ერთი ჰიპერ კონტინენტი „პანგეა ულტიმა“. გაივლის კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი წელი და ეს კონტინენტიც რღვევას დაიწყებს. მაშინ უკვე ძნელი წარმოსადგენია რა ფორმის კონტინენტებად ჩამოყალიბდება დედამიწა.
გამა დასხივება
დაახლოებით ყოველ 200 მილიონ წელიწადში დედამიწა, ისევე როგორც სხვა პლანეტები „იბომბება“ ულტრა მაღალი სხივებით. მართალია დასხივებები დედამიწაზე ხშირად ხდება, თუმცა ასეთ ძლიერ დაბომბვას შეუძლია სიცოცხლის მნიშნელოვანი ნაწილი სრულად გაანადგუროს, რაც გამოწვეული იქნება მაღალი დასხივების, ანუ ულტრამაღალი რადიაციული ფონის შედეგად. ამ დასხივების ავტორი მეზობელი სისტემიდან, დაახლოებით 6500 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავიდან მოდის, რომელსაც მზეზე ბევრად დიდი მოცულობა აქვს, ხოლო მის გამოსხივებას წინ ფაქტობრივად ვერაფერი აღუდგება. მას თავისუფლად შეუძლია დედამიწის ოზონის შრის დაშლა. ასეთი „დაბომბვა“ დედამიწაზე დაახლოებით 450 მილიონი წლის წინ მოხდა, რამაც მეცნიერების აზრით დედამიწაზე მაშინ არსებული სიცოცხლის 60 პროცენტი გაანადგურა. მათივე მტკიცებით დედამიწაზე უახლესი მილიონი წლის მანძილზე ასეთი „დაბომბვა“ მოსალოდნელი არაა.
სიცოცხლისათვის უვარგისი გარემო
იმის გამო, რომ მზის აქტიობა მუდმივად მატულობს, დედამიწაზე ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც აქ არსებული ტემპერატურა სიცოცხლესთან ძნელად შესათავსებელი იქნება და დედამიწაც მეზობელი პლანეტა – ვენერას ბედს გაიზიარებს. გარდა ამისა, ტემპერატურის მომატება იწვევს მომწამვლელი მეტალების აორთქლებას, რაც ასევე მომაკვდინებელ გარემოს შეუქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. დედამიწაზე ასეთი მდგომარეობა დაახლოებით 700 000 წლის შემდეგ უნდა ვივარაუდოთ, ვინაიდან, დაახლოებით, მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მზე უბრალოდ ჩაქრება და დედამიწაზეც სრული სიბნელე და სიცივე დაისადგურებს.
მაგნიტური ველის გაქრობა
დაახლოებით 250 მილიონი წლის შემდეგ დედამიწის ბირთვი, რომელიც ამჟამად თხევად მდგომარეობაშია, თანდათან გაცივდება და გაიყინება, რაც დედამიწის მაგნიტურ ველს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეს ფაქტი გამოიწვევს დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრეების, კერძოდ ოზონის შრის დაშლას, რაც მზის რადიაციულ სხივებს საშუალებას მისცემს, თავისუფლად მოაღწიონ დედამიწამდე, ეს კი რა თქმა უნდა სიცოცხლის ძირითადი ფორმების განადგურებას გამოიწვევს.
პლანეტების შეჯახება მზის სისტემაში
დაახლოებით სამი მილიარდი წლის შემდეგ ვენერასა და მერკურის ორბიტებმა შეიძლება ერთმანეთი გადაკვეთონ. შესაბამისად ეს ორი პლანეტა ერთმანეთს შეეჯახება. ამ შემთხვევაში მერკურს ან მზე შთანთქამს, ან მასზე ბევრად დიდი მოცულობის ვენერა გაანადგურებს. მომხდარი კატაკლიზმით მნიშვნელოვნად აირევა სხვა პლანეტების ორბიტები, რაც მაქსიმუმ ხუთი მილიარდი წლის შემდეგ გამოიწვევს იმას, რომ დედამიწის და მარსის ორბიტებიც გადაკვეთენ ერთმანეთს…
ღამის ახალი ზეცა
გაივლის მრავალი წელი და დედამიწაზე თანდათან უფრო ხილვადი და თვალსაჩინო გახდება ანდრომედას გალაქტიკა, რომელიც ნელ–ნელა უახლოევდება „ჩვენს“ გალაქტიკას. საბოლოოდ ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეერწყმება, რა დროსაც გარდაუვალი იქნება ამ ორი გალაქტიკის პლანეტების ერთმანეთთან შეჯახება, თუმცა არსებობს ძალიან მცირე შანსი, რომ ჩვენი მზის სიტემა გამოეყოს ამ ქაოსს და ცალკე აღმოჩნდეს კოსმოსურ უფსკრულში. თუმცა ეს ყველაფერი დაახლოებით 10 მილიარდი წლის შემდეგაა მოსალოდნელი.
ნამსხვრევების რგოლი – „მთვარის წვიმა“
ჩვენი ერთგული თანამგზავრი – მთვარე ყოველ წელიწადს 4 სანტიმეტრით შორდება დედამიწას, მზე კი შედის წითელი გიგანტის ფაზაში. ეს ტენდენცია ბოლოს აუცილებლად შეწყდება და მეცნიერთა ვარაუდით გარემო ზემოქმედების შედეგად მთვარე დიდ ნამსხვრევებად იქცევა, რის შემდეგაც ეს ნამსხვრევები წამოვა დედამიწისკენ და მის გარშემო შექმნის ნამსხვრევების რგოლს. ეს რგოლი მრავალი წლის მანძილზე საკმაოდ ლამაზი სანახაობა იქნება, ბოლოს კი ისინი აუცილებლად დედამიწაზე ჩამოცვივდება, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის კაცობრიობას. მეცნიერთა ვარაუდით „მთვარის წვიმა“ 50 მილიარდი წლის შემდეგაა მოსალოდნელი.
აოხრება და განადგურება
დაახლოებით, 10 მილიარდი წლის მანძილზე დედამიწაზე აუცილებლად მოხდება ზემოთ ჩამოთვლილი კატაკლიზმები, თუმცა, ვიმედოვნოთ, რომ ეს მართლაც დიდი ხნის შემდეგ იქნება და ჩვენი პლანეტა არ გადაიქცევა კოსმიური ღრუბლის ერთ უმნიშვნელო ნაწილად.