საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას ეხმაურება. მათი განცხადებით, პოლიტიკოსმა ნოტარიუსთა სისტემა მოიხსენია, როგორც „ნოტარიუსის კანტორა” _ “ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ”, – განაცხადა მან.
“ნოტარიუსთა პალატის გამგეობა განმარტავს, რომ თითოეული სანოტარო აქტი, რომელსაც ნოტარიუსი ამტკიცებს, ემყარება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ პირთა თავისუფალ ნებას, რომლებიც აქტის გასაფორმებლად მიმართავენ ნოტარიუსს. ნოტარიუსის პროფესია საპასუხისმგებლო და პატივსაცემი საქმიანობაა, რომელის მისამართით გაკეთებული დამაკნინებელი განცხადებები ვნებს ქართული სანოტარო სისტემის იმიჯს და დაუმსახურებლად შეურაცხყოფს ნოტარიუსის პროფესიას და თითოეულ ნოტარიუსს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ნოტარიუსების შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და სანოტარო საქმიანობის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებისაგან, დეპუტატ დავით ჭიჭინაძისაგან კი ბოდიშის მოხდას ელის იმ 265 ნოტარიუსისათვის, რომლებიც დღეს სანოტარო საქმიანობას ეწევიან”, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნოტარიუსის პალატა ავრცელებს.