პიროტექნიკის ნაწარმს დღესასწაულებზე გასართობი სანახაობის შექმნის მიზნით იყენებენ. ის, ასევე, სხვადასხვა ღონისძიებაზე სასცენო ეფექტის შესაქმელადაც გამოიყენება. განსაკუთრებით მოთხოვნადი კი საქართველოში საახალწლო პერიოდში ხდება.
ფეიერვერკი მე-9 საუკუნეში ჩინეთში გამოიგონეს, სადაც ხალხს თავდაპირველად სჯეროდა, რომ მას ბოროტი სულების განდევნა და ბედნიერების მოტანა შეეძლო.
ევროპაში ფეიერვერკის წარმოება მე-14 საუკუნეში დაიწყეს, პოპულარული კი მე-17 საუკუნიდან გახდა. შედარებით თანამედროვე პიროტექნიკის სახეობები კი მეოცე საუკუნეში გავრცელდა.
დღესასწაულებზე გასართობი სანახაობის შექმნის მიზნით შექმნილ პიროტექნიკის ნაირსახეობას კი არასათანადო გამოყენების ან გაუმართაობის გამო, ადამიანის დაზიანებაც და ხანძრის გამოწვევაც შეუძლია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პიროტექნიკის გაუმართაობის ან არასწორი გამოყენების გამო ყოველწლიურად 17 000 ხანძარი ჩნდება, ადამიანები იღებენ სხეულის მძიმე დაზიანებებს, დაშავებულთა უმეტესობა კი არასრულწლოვნები, ბავშვები არიან.
ადამიანების უმეტესობა პიროტექნიკის გაუმართაობის ან არასწორი გამოყენების შედეგად ყველაზე ხშირად სხეულის შემდეგ ნაწილს იზიანებენ : 19%- თავი, 19%- თვალები, 11% -მკერდის და მუცლის არე, 5% -მხრები, 36%- ხელი და თითები, 10%- ფეხები.
შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით კი მომხმარებელმა შემდეგი წესები უნდა დაიცვას:
ადამიანები პიროტექნიკის სიახლოვეს თამბაქოს მოწევას უნდა მოერიდონ, გამოყენებამდე ინსტრუქცია უნდა წაიკითხონ, პიროტექნიკა არაფხიზელ მდგომარეობაში არ უნდა გამოიყენონ.
გარდა ამისა, არ შეიძლება პიროტექნიკის გამოყენება შენობებში, ხეების, ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს. პიროტექნიკისთვის ცეცხლის წაკიდებამდე მომხმარებელმა ჯერ თავი უნდა შეამოწმოს, მოქმედებაში მოყვანილი ფეიერვერკიდან კი მოშორებით უნდა დადგეს.
რაც შეეხება პიროტექნიკის შენახვის წესს, მისი შენახვა შენობაში, სადაც 30 გრადუსზე მეტი სითბო ან ნესტია, დაუშვებელია. დაუშვებელია, ასევე, პიროტექნიკის ჯიბით ტარება.