„ქართული ოცნების“ უმრავლესობა უკვე გაყოფილია. მმართველ პარტიაში სერიოზული გადაჯგუფებები დაიწყო, არა იდეოლოგიური პრინციპების მიხედვით, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ადგილების მოსაპოვებლად“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ კონსტიტუციონალისტმა და პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ, რომელმაც „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების ახალი რაუნდი შეაფასა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ძველსა და ახალ გვარდიას შორის აუცილებლად მოუწევს არჩევანის გაკეთება.
„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებაში“ ადგილებისათვის დაიწყო ბრძოლა. ჯერჯერობით, მმართველი პარტიის ყველა დეპუტატი ფრთხილობს, რადგან ელოდებიან ბიძინა ივანიშვილი პოზიციას, როდის დააფიქსირებს. ივანიშვილს ძველსა და ახალ გვარდიას შორის აუცილებლად მოუწევს არჩევანის გაკეთება, რაც მმართველ პარტიაში ერთ-ერთი ჯგუფის დარჩენას განაპირობებს. რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნების“ ის ფრთა, რომელიც ივანიშვილის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, სხვა პარტიას შექმნის თუ საერთოდ გავა პოლიტიკური თამაშიდან, ძალიან მალე გამოჩნდება“, _ აღნიშნა ძაბირაძემ.