„უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების გაყვანა ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია. როცა ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეს შეხვდა, საზოგადოებას გვამცნო, მურუსიძე წინა რეჟიმის მსხვერპლიაო, რაც ჯანსაღად მოაზროვნე ქართული საზოგადოებისთვის პრინციპულად მიუღებელია“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პროფესორმა ლადო პაპავამ.
პაპავა თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეორგანიზაციას უნდა დაექვემდებაროს. მისივე თქმით, აღნიშნული საბჭო სასამართლო რეფორმის ყველაზე სუსტი მხარე აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ ძლევამოსილ და არაკეთილსინდისიერ სტრუქტურად ჩამოყალიბდა.
_ ბატონო ლადო, „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, საკუთარი პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებია, თუმცა, როგორ ფიქრობთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებს და პარტიის თავმჯდომარე თანამდებობებზე მოსამართლეთა უვადოდ განმწესებას ლობირებს?
_ აშკარად იკვეთება, რომ უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების გაყვანა ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია. როცა ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეს შეხვდა, საზოგადოებას გვამცნო, მურუსიძე წინა რეჟიმის მსხვერპლიაო, რაც ჯანსაღად მოაზროვნე ქართული საზოგადოებისთვის პრინციპულად მიუღებელია. ლევან მუსურიძე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საკმაოდ აგრესიული იარაღი იყო. ჩანს, რომ მურუსიძისნაირი ხალხი ბატონი ბიძინას გემოვნებაში ჯდება. ბუნებრივია, ირაკლი კობახიძე მოსამართლეებთან დაკავშირებით, მხოლოდ საკუთარ აზრს არ ახმოვანებს.
_რა მიზნით სურდა ირაკლი კობახიძეს ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაყვანა? ჯგუფი, რომელიც ახლა პარლამენტში თანამდებობებზე მოსამართლეთა უვადოდ განწესებას ლობირებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელში ჩაგდების მიზნით, შიდაპარტიულ ბრძოლას აწარმოებდა?
_აშკარად იკვეთება, რომ ეკა ბესელია პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე საკმაოდ არაკომფორტული იყო. ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ეკა ბესელიას გადაყვანა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ლამაზი სვლა იქნებოდა და უფრო კომფორტული გახდებოდა იმ პიროვნებისთვის, რომელიც თავად ირაკლი კობახიძისთვის არის მისაღები.
_ჩანს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუმორჩილებელ ძალად გადააქცია. სასამართლო სისტემაში რატომ უნდა არსებობდეს ისეთი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო, რომლის შეკავება საკანონმდებლო ორგანოსაც არ შეუძლია?
_იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეორგანიზაციას უნდა დაექვემდებაროს. აღნიშნული საბჭო სასამართლო რეფორმის ყველაზე სუსტი მხარე აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ ძლევამოსილ და არაკეთილსინდისიერ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ფაქტობრივად, აღნიშნული სტრუქტურა გარკვეული პოლიტიკოსების ინტერესების მიხედვით მოქმედებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთოდ უნდა დაიშალოს თუ განსხვავებული უფლებამოსილებით აღიჭურვოს, აღნიშნულზე უკეთ ამ დარგის პროფესიონალებმა უნდა ისაუბრონ.
_ „ქართულ ოცნებას“ სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბუმერანგივით დაუბრუნდება და მმართველ პარტიას რაში აწყობს საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა? მით უფრო, როცა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ერთწლიანი ვადა მოითხოვა .
_ ბატონი ბიძინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაგვპირდა, რომ ერთ წელიწადში სერიოზულ ცვლილებებს განახორციელებდა. ორი თვე უკვე დაიკარგა, ბატონო ბიძინა, ათი თვე დაგრჩათ და ამ დროის განმავლობაში, სერიოზული ცვლილებები რომ განახორციელოთ, ჯერ თავად უნდა შეიცვალოთ. მურუსიძეების, ჩინჩალაძეების, მარიხუანისა და ეკონომისტების მიმართ დამოკიდებულება თავად უნდა შეიცვალოს. ბიძინა ივანიშვილს პროფესიონალი ეკონომისტები დისკომფორტს უქმნიან, მათთან თანამშრომლობის გარეშე კი, ეკონომიკაში წარმატებას ვერ მიაღწევს.
_“ქართულმა ოცნებამ“ 2019 წელს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი აამოქმედა. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული სისტემა მოქალაქეებისთვის კომფორტული მომავლის შექმნას ემსახურება?
_საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს, თუმცა ძირითადი პრინციპი აბსოლუტურად მისაღებია. სისტემაში მოქალაქეების მიერ სავალდებულო დაფინანსება აუცილებელია. სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანია შექმნა, სადაც მთლიანი თანხა შევა, რაც მიუღებელია. მოქალაქეებს თავად უნდა ჰქონდეთ უფლება, არჩიონ, რომელ სადაზღვევო კომპანიაში შეძლებენ თანხის დაზღვევას. ასევე, გაუგებარია, რატომ უნდა ჩადოს სისტემაში ფული ბიუჯეტმა?! საპენსიო დაგროვებით სისტემაში ორი მოთამაშე უნდა არსებობდეს _ დასაქმებული და დამქირავებელი.